ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხოცავენ (ქართველ ქალებს მუშაობა უნდათ)

ბევრ ქართველ ქალს სამსახურის შოვნა უნდა!!!

განა შრომა აკლიათ, სახლში უამრავი საქმეა: დასარეცხ – დასაუთოვებელი, დასაგველ- გამოსაწმენდი, გადასაწმენდი, ასალაგებელ -დასალაგებელი. საუზმე, სადილი, ვახშამი  მოსამზადებელი ,  სუფრა გასაწყობი და ასალაგებელი. დასვრილი ჭირჭელი დასარეცხ-გასაწმენდი და ა შ. დაუსრულებლად. ბავშვიან ქალებს კი დამატებით ბავშვის მოვლა, მისთვის თვალყურის დევნება, მათთან თამაში ან მოზრდილების მეცადინეობა და სკოლაში წაყვანა -მოყვანა და სახლის პროდუქტებით მომარაგება ევალებათ ისიც კაპიკების თვლით და ეკონომიით  (ქმარი “ფულს კი არ ბეჭდავს”). ამასთან სახლში საღამოს მოსულ მეუღლეებს პირზე ღიმილით და ფორმაშიც უნდა დახვდნენ, აბა მაშინ ღალატის შემთხვევაში ვერც გაამტყუვნებ კაცს: ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს, სერიალებს არ უნდა უყუროს და სახლში მოსულ ქმარს ყურები არ უნდა ატკინოს ლაქლაქით. სახლში დაღლილი ქმარი ბავშვებს რომ ჩამოუვლის და დაკოცნის, მერე იმაზე უნდა იზრუნოს ქალმა , რომ ბავშვებმა მამა არ დაღალონ ხმაურით. ღამე ცოლის მოვალეობაც ხალისით უნდა შეასრულოს.

ქართველ ქალებს  ჯიუტად სამსახურის შოვნა უნდათ. . .

არასამთავრობო ორგანიზაცია “გენდერულმა საინფორმაციო სააგენტომ” დადო კვლევა “რამდენად აბედნიერებს ანაზღაურებადი შრომა კავკასიელ ქალებს?” და აღმოჩნდა,  რომ სომეხ და აზერბაიჯანელ ქალბატონებთან შედარებით ქართველ ქალებს სამსახური უფრო მეტად აბედნიერებთ. სტატისტიკას და პროცენტულ შეფარდებებს არ მოვყვები და საინტერესოა, როტომ აბედნიერებთ ე. წ. “ორ ცვლაში” მუშაობა საქართველოში ქალებს ? სამსახური ხომ  დასვენებაზე უარის თქმას ნიშნავს იმიტომ, რომ სახლში მოსულებს ის სახლის საქმეც აქვთ შესასრულებელი, რაც მათ პირდაპირ მოვალეობად ითვლება. მართალია, ბავშებს ცხელი სადილების ნაცვლად fast food-ი ცვლის, პატარებს დედის ნაცვლად ძიძა უვლის, თუმცა ასეთი ოჯახებში ქალები, გაცილებით ბედნიერები ყოფილან.

ზოგჯერ ქალი თვითრეალიზაციის მიზნით მუშაობს, ასეთ შემთხვევაში მას, როგორც პიროვნებას, ეძლევა საშუალება გავითარდეს და მოიწყოს საკუთარი კარიერა. ზოგჯერ კი ქალის შრომა მხოლოდ დამატებითი შემოსავლის წყაროა ოჯახისთვის.  მიუხედავად ამისა, დასაქმებული ქალები მამაკაცებში გაცილებით მეტ პატივისცემას იმსახურებენ, ვიდრე ე. წ. “სახლში მსხდომი” ქალები. ზოგჯერ არსებობს, ე.წ. ხელშეწყობის ფაქტორი დაუსაქმებელი ოჯახისწევრისგან, ეს ძირითად შემთხვევაში ან დედამთილია ან საკუთარი დედა, რომლებიც სტატუსით “ბებიები” ბავშვის აღზრდაში საკუთარ მეთოდებს უცერემონიოდ იყენებენ(ეს სხვა თემაა კიდევ). თუმცა, არსებობენ ქალები, რომელთაც ეს ხელშეწყობაც არ აქვთ და “გადარბენაზე” არიან ყველაფერი რომ მოასწრონ. სავარაუდოდ, ვერც ასწრებენ და ეს დამატებით ოჯახური კონფლიქტების მიზეზი ხდება.

ოჯახური საქმის განაწილების ტრადიცია ქართველი წყვილების უმრავლესობას არ ახასიათებთ და დახმარება, მაქსიმუმ, დილაობით ბავშვის საბავშვო ბაღში ან სკოლაში წაყვანით თუ გამოიხატება მამაკაცის მხრიდან.

სამსახურიან ქალს კი სახლის გარდა აქვს კიდევ განსხვავებული გარემო, რაც აუცილებელია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის. აქვს შემოსავალი, რომელიც მას დამოუკიდებელს და თავისუფალს ხდის თავის ქმედებებში. სახლიდან ყოველდღიური  “გასვლა” აიძულებს მას მოიწესრიგოს თავი, რაც მიმზიდეველს ხდის ქმრის თვალში. კარგად რეალიზებულ, კარიერულად წარმატებულ ქალს ბევრად უკეთესად უდევს  თანამედროვე ცხოვრების მაჯისცემაზე ხელი, ვიდრე სახლის საოჯახო რუტინით თავმობეზრებულ დიასახლისებს, რომლებსაც ხშირად ესმით ფრაზები “შენ რას მიკეთებ”, ” რატომ მთხოვ ფულს”, “სახლი რას ჰგავს”, “საჭმელს მარილი აკლია”, “ოო, ისევ ის გვაქვს საჭმელად? სულ არ შევჭამ სახლში”, “ბავშვებს ვერ უვლი” , “იმისი ცოლი ასე აკეთებს”, “ამისი ცოლი ასეთია” და ა. შ. ხშირად ეს ქალები ქმრის ღალატს და ფიზიკურ უხეშობასაც კი ითმენენ თუ ხმა ამოიღეს  და პრეტენზიები წამოაყენეს .ისინიც დგანან და ითმენენ ოღონდ “ოჯახი შეინარჩუნონ”.

შვილების თვალშიც, მომავალში ფულიანი დედა ” სჯობს” უფულო და საყვარელ, მუდამ დაღლილ დედას.

ეს საკამათოა, რა თქმა უნდა. . .

“ყველა კაცი ხომ ერთნაირი  არ არის ”

ის კვლევა, როგორც წერენ, ჯერ არ დასრულებულა ბოლომდე, ახლა ძირითადც ასპექტებს იკვლევენ, რატომ უნდა აბედნიერებდეს სამსახური სამხრეთ კავკასიელ ქალებს?!

ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?!jobhunt

 

 

 

This entry was posted in 0, განსჯისთვის, ჭიკჭიკი and tagged , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი