“ამბრნი, უმბრნი და არაბნი…”

დასკანერებული წიგნები არასდროს მიყვარდა. ძირითადად სამეცნიერო პუბლიკაციების წაკითხვა მიწევდა ხოლმე ასეთ ფორმატში უცხო ენაზე. ამჯერად ნაირა გელაშვილის “ამბრნი, უმბრნი და არაბნი…” ჩამივარდა ხელში. უფრო სწორად, იდო ჩემს კომპიუტერში დიდხანს, სანამ არ მოვიცალე და წავიკითხე.

ნაირა გელაშვილს რამდენჯერმე შევხვედრილვარ, თუმცა სულ თავს ვარიდებდი მას მერე, რაც რომელიღაც შეხვედრაზე კომენტარი არ მომცა. თურმე გაზეთ “24 საათს” პრინციპულად არ ეკონტაქტებოდა. არ ვიცი რა დაუშავა ჩენმა რედაქციამ, მაგრამ რომ გაიგო ამ გაზეთს წარმოვადგენდი კეთილგანწყობილი სახე სრულიად შეეცვალა და ცივად მითხრა უარი. ამის შემდეგ ახირებულ ქალად ჩავთვალე და მისი ნაწარმოებების მიმართაც სკეპტიკურად განვეწყვე.

მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ჩემი ჟურნალისტობის წლებმაც ჩაიარა და მრავალმა სხვამ. ახლა ის პერიოდი მაქვს წიგნის კითხვა ქალისთვის უსაქმურობად რომ ითვლება. “ან შედი ქალო კუხნაშია ან მიდი ბავშვს მიხედე” 🙂

წუხელ “ამბრნი, უმბრნი და არაბნის…” კითხვა რომ დავიწყე, მაშინვე 80-იანების სურნელი ვიგრძენი. ჯერ ცოტა დავიძაბე და კითხვისთვის თავის დანებება გადავწყვიტე, მოძველებულად, არააქტუალურად მივიჩნიე ამბავი, როგორ წავიდნენ რომელიღაც ახლა აღარ არსებული სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლები ექსკურსიაზე შატილში.

თუმცა მწერალი რის მწერალია, ინტრიგა თუ არ შემოიტანა და დაგაინტერესა. ცოტა შევყევი და მერე ლამის ღამის სამ საათამდე ვკითხულობდი. დავასრულე თუ არა, მაშინვე ისევ ნაირა გელაშვილზე დავფიქრდი. მთხრობელი კაცია, ავტორი კი ქალბატონი, ნეტავ როგორი იქნებოდა ეს მოთხრობა მამაკაც ავტორს რომ დაეწერა მეთქი ?!

ფოლკლორული ჩანართები, ასოციაციები  . . .

ფსიქოლოგიური წიაღსვლები . . .

როგორც ვთქვი, მთავარი გმირი ტიპიური ქართველი 42 წლის მამაკაცია. ცოლის მიმართ გულგრილია, სამსახურისგან გადაღლილი. დაჩლუნგებული აქვს ბუნებასთან კონტაქტის, სიახლეების აღმოჩენით ტკბობის უნარი. მოთხრობაში ბედი მას სრულიად განსხვავებულ ადამიანს ახვედერებს. ქალს სახელად მერციას.

და აი, ეს ქალი არის არატიპიური ქართველი ქალი მთელი თავისი არსებით.

ძალიან მგრძნობიარე, 27 წლის გოგო

ნათხოვარი ძვირფასი კაბით

გოგო,  რომელიც არ თხოვდება უსიყვარულოდ, თუმცა ბავშვს აჩენს.

შეუძლია თავად იაქტიუროს.

უყვარს ბუნება და მთელი მისი არსება სიყვარულისთვის არის მომართული.

ამ გოგოს, ვარდისფერკაბიანს, შეუძლია სხვების გაკვირვება, ეპატაჟი.

შეუძლია გულწრფელობა და ასევე განცდა ძალიან ღრმად თუნდაც სხვისი პრობლემის, ცხოველის ტკივილის და ა. შ.

მაგრამ მას არ შეუძლია დაიცვას თავისი სიყვარული, არ შუძლია შეცვალოს საკუთარი ბედისწერა.

სიკვდილისადმი მისი დამოკიდებულება, რომელიც რამდენიმე ადგილას გამომჟღავნა საოცრი იყო.

… და თურმე რა ახლოს ყოფილა მასთან.

მერცია კვდება.

კვდება მოლოდინში;

კვდება იმედით;

კვდება უბედური.

მისი არჩეული მამაკაცი კი “დაკანონებულ მრუშობაში” რჩება ცოლთან. ისიც ცოდოა, უსუსურია, მარტოა. პასუხისმგებლობები აკისრია. განიცდის, მაგრამ თავიდანვე განწირული აქვს ეს გრძნობა.

ავტორმაც გაწირა მერცია   . . .

სენტიმენტალური ნაწარმოებების კითხვას გადავჩვეულვარ, ახლა სხვა ლიტერატურული გემოვნება მაქვს. თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს და ადგილი.

 

 

 

 

This entry was posted in 0, ლიტერატურა, პროზა. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი