სიყვარულით და პატივისცემით – Toresa Mossy

ტორესა პირველად ” რა? სად? როდის?” თამაშებზე ვნახე ამ  ოთხიოდე წლის წინ თელავის თეატრის ფოიეში განთავსებულ კაფე – ბარში. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია არაორდინალური გარეგნობით : გრძელი თმითა და ქუდით. მაშინ ჯერ კიდევ თელავში ცხოვრობდა და ხშირად გვხვდებოდა მე და ჩემს მეუღლეს სეირნობის დროს თელავის ქუჩებში.  ტორესას მამა მღვდელი ყოფილა და სახელად ასევე ტორესას ეძახდნენ.  ტორესას კი სინამდვილეში ვახო ჰქვია და გვარად მოსიაშვილია.

თელავში ყველა ყველას იცნობს, თუმცა ტორესა კარგად არ სცნობია ყველას. აღმოჩნდა რომ ის სხვა ნიჭებთან ერთად წერს კიდეც  და წერს საკმაოდ კარგად. ნაწერი ძალდაუტანებელი ანუ ბუნებრივი გამოსდის და მისი პირველი წიგნი “სიბრძნე სიცრუისა” დააფასა კიდეც მკითხველმა “საბას” პრემიით.

DSC_0171

“შინაურ მღვდელს რომ შენდობა არ აქვს” ეს კარგად მოგვეხსენება ქართველებს, ამიტომაც, ალბათ ახალი წიგნის  პრეზენტაცია საკუთარ ქალაქში ცოტა მოგვიანებით თბილისისა და ქუთაისის შემდეგ გამართა. კაფე „მარლეტაში“ გამართული პრეზენტაცია საკმაოდ მოკრძალებული და ნაუცბადევი აღმოჩნდა . წიგნზე, მის ორიგინალურ სათაურსა და წიგში შესულ სხვა მოთხრობებზე მოკლედ და ლაკონურად ილაპარაკა და პირდაპირ ავტოგრაფებსა და სელფებზე გადავიდა. ეს ალბათ ასეც სჯობდა , რადგან თელავის იმ საზოგადოებას, რომელიც იქ იყო მისული დამატებითი უხერხულობა აღარ შეუქმნა.

DSC_0169

ახალ წიგნს „მე /შენ ქრისტე ხარ“ ჰქვია.მოთხრობას ძალიან საინტერესო აგებულება აქვს და ეტყობა რომ მწერალი დიდხანს ამუშავებდა. საბოლოოდ, კარგი ტექსტია გამოსული, გსიამოვნებს რომ კითხულობ, რაღაცნაირად.

საკუთარი ხელწერა აქვსო ვერ იტყვი ტორესაზე, თითქოს 80-იანი მწერლების წერის სტილს მაგონებს,თუმცა საკმაოდ თანამედროვე მწერალია, შორს არის მაღალფარდოვანებისგან მუხედავად იმისა, რომ სიბრძნის მარგალიტებიც აქვს ჩაქსოვილი თავის ნაწარმოებებში. ყველაზე მეტად კი ალბათ ის მომწონს რომ გულახდილი პერსონაჟები ჰყავს. და კითხვის პროცესსა და კითხვის შემდგომ განწყობას აშკარად ქმნიან.

DSC_0175

განწყობაზე ვსაუბრობთ და მისი მუსიკაც სახსენებელია, მაგალითად აი ეს ტრეკი

Posted in 0 | დატოვე კომენტარი

“ჰარი პოტერი” თუ უწიგნურობა?

იცით, რომ ჯოან როუულინგი მილიონერი გახდა ერთი პერიოდი,  თუმცა ახლა აღარ არის მილიონერთა სიაში მხოლოდ იმიტომ, რომ გასცა?! ის ბევრ გაჭირვებულ ახლობელს ეხმარება.

ზოგ მოზრდილს “ბიბლია” ან რომელიმე საკულტო ლიტერატურა დაუჭერია ხელში “თხა და გიგოსავით”  და იმის იქით ვერაფერს ხედავს. ასეთ ხალხს განათლებულს ან ჰუმანიტარს ანუ ადამიანთმოყვარეს ვერ დავარქმევ და არც მისი რელიგიურობის მწამს. მაპატიოს ვისაც ეტკინა, მაგრამ თერაპია ზოგჯერ მტკივნეულია ხოლმე.

უანგარობა ხომ საოცრად გაუგებარი ცნებაა ასეთი ადმიანებისთვის. ღმერთიც თავისი ანგარიშიანობის სამსახურში ჰყავთ ჩაყებენული და მასთანაც კი ვაჭრობენ.

             “იმ საზოგადოებაში, სადაც მოდის მიხედვით კითხულობენ თავი მოაქვთ, რომ არ წაუკითხავთ “ჰარი პოტერი” და არც წაიკითხავენ. სინამდვილეში კი ასეთი ხალხი საერთოდ უწიგნურია  და სპეციალური პროგრამა რომ არსებობდეს სნობი მკითხველებისთვის, როგორც სპეციალური საჭიროების პირებისთვის, კარგი იქნებოდა.”

          “ჰარი პოტერი” პატრიარქმა აკრძალაო, გაოცებით მითხრეს  მოსწავლეებმა ერთ “მართლმადიდებლურ ” სკოლაში, სადაც იმ პერიოდში ვასწავლიდი. პატრიარქი წიგნს არ აკრძალავდა მეთქი ვუთხარი და ჯიუტად განვაგრძე  მისი დასახელება იმ წიგნებს შორის, რომლებიც ბავშვებს და მოზარდებს წიგნის კითხვას აყვარებს. მოზრდილებს კი ბავშვობაში აბრუნებს მარკ ტვენის, ლინდგრენის, დიკენსის მსგავსად.

“ჰარი პოტერი” ის წიგნია, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ჯერ იყო და შიში დათესა, ჯადოქრობისა და მაგიის ხსენებაზე ხალხს სულ “ფუი ეშმაკს” აძახებინა,  სამყარო ორად: მაგლებად და დანარჩენ  – ჯადოსნურ სამყაროდ გაყო.

ბესტსელერი  მხოლოდ საქართველოში არ მიაჩნდათ საშიშ წიგნად, თუმცა მალე დაიწყო საუბარი “ჰარი პოტერის”, როგორც ქრისტიანული იდეის მატარებელ ლიტერატურაზე. თუმცა პირველი შთაბეჭდილება ამ ავტორზე  არ შერყეულა.

მეშვიდე წიგნი დავამთავრე ამ დღეებში და  რომ გამომქონდა “სიკვდილის საჩუქრები” ბიბლიოთეკარმა მითხრა, რა თქმა უნდა, ალბათ ვინმე ბავშვი გყავთ და მისთვის მიგაქვთო. არა, ესღა მქონდა წასაკითხი და გამიხარდა აქ რომ აღმოვაჩინე მეთქი ვუთხარი. სათვალეებს ზემოდან გადმომხედა, აშკარად შთაბეჭდილება წაუხდა ჩემზე. 🙂

სხვაგანაც  შეათვალიერეს ეს მოზრდილი წიგნი და რა გაკითხებსო მითხრეს. აქ თითქოს ვცადე ამეხსნა: თავგანწირვა, რომელსაც ჰარის დედა იჩენს, ამ ბიჭს მთავარ გმირად აქცევს წიგნში. ის რჩეულია, რომელსაც იცავს მადლი, ოღონდ მისიაც აწევს, რომელიც სიმძიმეა მისთვის და თავს უბედურად აგრძნობინებს.მას სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირების დროს აღარ რჩება დრო პირადულზე ზრუნვისთვის და ჰარი თავის მეგობრებთან ერთად, რომლებიც ავსებენ მას და ეხმარებიან წარმატებულად ებრძვის ბნელ ძალას. მისი მთავარი იარაღი, სიყვარულია. სიყვრული, რომელიც პირველი წიგნიდან დიდ ძალად მოიაზრება, ოღონდ ვერავინ იგებს რას გულისხმობს ავტორი მასში. აი, მეშვიდე, ბოლო წიგნში კი გამოჩნდება რა ძლიერია მართლაც სიყვარული, უანგაროდ სიყვარული ახლობლების და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა. მისია, რომლის შესრულებაც თავის ცხოვრებისეულ მიზნად გაუხდია ამ პატარა 17 წლის ბიჭს საკუთარი ფეხით მიიყვანს სიკვდილთან, ოღონდ, როგორც კეთილშობილურ მსხვერპლს, მას ბოროტი ვერ ერევა. სიკეთე იმარჯვებს.

მგონი ცოტა შევარყიე უარყოფითი სტერეოტიპი, თუმცა ბოლომდე ალბათ ვერ.

თავიდან , ალბათ, “კარცერ ლუქსივით” ოთახში უნდა ჩავსვათ ასეთები და ხალხური, ჯადოსნური ზღაპრებით დავაწყებინოთ კითხვა.

ზღაპრებიო? . . – სიბრაზისგან გაგიჟდებიან! ასეთი ხალხს კუდი ყავარზე აქვს გადებული და “კლასობანას” კითხულობს. ანუ იმასაც – არა. ჰო და ვინ არის ახლა უწიგნური?! ის ბავშვი, რომელიც ჰარი პოტერს კითხულობს თუ ის მოზრდილი, რომელიც  – არაფერს?!

16

Posted in 0 | დატოვე კომენტარი

ჩემი თელავი

სამი წელი და სამი თვეა თელავში ვცხოვრობ. პირველად თელავში რომ ფეხი შემოვდგი საოცრად წვიმიანი და მოწყენილი დღე იყო. ბატონიშვილის სასახლე და მუზეუმი დაკეტილი დაგვხვდა და მის გარეთ გადავიღეთ ლაშქრობაზე წამოსულებმა ფოტოები.წინანდლის მერე თელავი არც ისე ლამაზი მომეჩვენა. ერთადერთი რამაც ძალიან გამაკვირვა მისი მსგავსება იყო თბილისის ძველ უბნებთან. მეორედ უკვე თელავქლაქობას 7 ნოემბერს ვესტუმრეთ თელავს. მზიანი შემოდგომის თვეს. გამოვიარეთ ულამაზესი გომბორი და უმშვენიერესი ყვითელი ტყით დაფარული შუამთის გზა. მოვადექით თელავს და მცირე ხეტიალის შემდეგ ჩემი ცხოვრების საბედისწერო სახლსაც, სადაც მომავალი მეუღლე გავიცანი. იმ საღამოს მანქანის წინ მუხლზე დაჩოქილი ჩვენი მასპინძელი “ჩემო ქალბატონოო”  და ჩემი მომავალი მეუღლე “ფეისბუქზე დაგამატებო” სიტყვებით დავტოვე და ისევ ღამიანი გომბორის გზის გავლით თბილისში დავბრუნდი.

მართლაც, იყო ფეისბუქი, მერე საერთო მეგობრებთან ერთად შეხვედრები საქველმოქმედო მიზნით თუ სხვა და მერე უკვე პირადად. 8 თვეში ჯვრისწერა და თურქეთის მყუდრო სასტუმრო კუსადასში. ეფესო და წმინდა მარიამის უნახავად დატოვებული საფლავი. მერე კი თელავი, თელავი, თელავი.

ჯერ დანგრეული და ნაცრისფერი. კითხვა:” მოგწონს თელავი?”, პასუხი: “ხალხი მომწონს, თელავი, რა ვიცი”. ერთი წლის შემდეგ იგივე კითხვაზე პასუხი “რესტავრირებული, გალამაზებული თელავი ძალიან მომწონს. ჩამოდით, ნახეთ რა ლამაზ ქალაქში ვცხოვრობ!”.  თელავის ცენტრალპარკი “ნადიკვარია”, ცივის მთიდან და კავკასიონიდან მონაბერი ნიავი თელავში სუფთა ჰაერს განაპირობებს. ცოტა ყურს გჭრის წამღერებით საუბარი: “მანქანა გამოიტანე”. “გავითხუნე”, “პური ჭამე?”, “დგა”, ‘მყავ”,”ეგრე”, “იგრე”, “ემ საათში” და ა.შ. თუმცა ყური ასე თუ ისე ეჩვევა, თან არც ეჩვევა და გეჩვენება რომ საუბრის დროს ეს ხალხი უბრალოდ ხუმრობს და მეტი არაფერი.  . .

ამასობაში სახლს ვიცვლით, და მე და ჩემი მეუღლე იმ სახლიდან, სადაც ერთმანეთი გავიცანით, სხვა სახლში გადავდივართ. ცენტრთან უფრო ახლოს, ანუ მოედანთან, სადაც ყველაფერი თავმოყრილია და ცხოვრება უფრო მეტად თელავქალაქური, უფრო მეტად დინამიური ხდება. შესაბამისად უფრო მეტადაც ვეხვევი თელავს. უკვე მყავს ნაცნობები, რომლებიც ქუჩაში მცნობენ და მესალმებიან. მყავს მეგობრები, რომლების დაკარგავს ცხოვრების ბოლომდე აღარ ვაპირებ. შემიყვარდა თელავი თავისი მოთბილისურო ქუჩებით, თავისი თბილი ადამიანებით, ხედით კავკასიონის მთებზე, ჩემი საყვარელი თეატრით – საუკეთესო დასით, 3D კინოთეატრით, ჭადრით, ზუზუმბოთი თუ მაწანწარათი, სანაპიროთი, სადც მე ვცხოვრობ და ზოგადად თელავით, რომელიც შემიყვარდა. 🙂dsc_6514

Posted in 0 | 2 Comments

“საბა” Goes To..

წლევანდელი “საბას” გამარჯვებულებიც გამოცხადდა.

რატომღაც ძალიან დიდი გულისფანცქალით ველოდი. ალბათ იმიტომ, რომ ლია ლიქოკელს ვგულშემატკივრობდი და მართლაც, აიღო “საბა” . გულით ვულოცავ. წუხელ ტყუილად არ დამსიზმრებია (მაისურები მაჩუქა ფისოების გამოსახულებით, მერე დავკარგე ეს მაისურები და გამწარებული ვეძებდი). “დევის სიცილისთვის” ლიას ჩემი აზრით, კიდევ ბევრჯერ მიაგებენ პატივს.

დებიუტი პროზაში კი მართლაც სიურპრიზი აღმოჩნდა : თელაველმა ტორესა მოსსიმ გაიმარჯვა, იგივე ვახო მოსიაშვილმა. მან  “სიბრძნე სიცრუისა” დაწერა, ისევე, როგორც დიდმა საბამ 🙂 . ვახო იურისტია პროფესიით. ახლა თბილისში ცხოვრობს.

გოგი გვახარიას “ცრემლიანი სათვალე” წლის ბეტსელერი იყო და არც გამკვირვებია მისი გამარჯვება თუმცა მცირე იმედი მაინც მქონდა, რომ მალხაზ ხარბედიასაც გაუმართლებდა.

სამწუხაროდ, არ გაუმართლა გიორგი ლობჟანიძეს, რომელიც ორ ნომინაციაში იყო წარდგენილი და გული დამწყდა მის გამო. მას ნამდვილად ეკუთნოდა ეს პრემია 😦

სამაგიეროდ, საუკეთესო თარგმანისთვის  გიორგი გოკიელი დაჯილდოვდა ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“.

იმედია, გიორგი კიდევ მიიღებს მომავალ წლებში “საბას”. აქტიური ადამიანია და ისე არ გაჩერდება რამე არ დაწეროს.

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – თამაზ კვაჭანტირაძე, განსჯანი;

საუკეთესო პიესა – დავით გაბუნია, პიესები;

საუკეთესო პროზაული კრებული – არჩილ ქიქოძე, ჩიტის და კაცის ამბავი ;

საუკეთესო პოეტური კრებული – ეკა ქევანიშვილი, სახლის გაყიდვა ;

საუკეთესო რომანი – ზვიად კვარაცხელია, ფორმა N100 ;

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი – დონალდ რეიფილდი, ოთარ ჭილაძის “აველუმი” (ინგლისური თარგმანი);

და ბოლოს,

პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისდავით წერედიანი.

დათოს რომ ულაპარაკოდ ეკუთვნის ყველა ლიტერატურული პრემია, რომელიც არსებობს საქართველოში, ეს ხომ ფაქტია. ძალიან გამიხარდა, ვულოცავ !

პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

ეს პრემია ცხადყოფს ხოლმე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ იწერება ხარისხიანი ლიტერატურა.

Posted in 0 | დატოვე კომენტარი

“მთვარე და ექვსპენიანი”

  ღატაკი ადამიანი, რომელიც მთვარეს შეჰყურებს, ანუ ციდან ელოდება წყალობას და თავის ფეხთან დაგდებულ ექვსპენიანს ვერ ხედავს – ამ სათაურის აზრი ეს არისო.

ალბათ ხშირად მოგვსვლია ჩვენც ასე. შესაძლებლობები, რომელიც მონიჭებული გავქვს, უქმად არის ჩვენ კი სხვას ვეპოტინებით, ვიტანჯებით, ვეძიებთ სადღაც, სხვისგან. ნეტავ შეგვეძლოს ამოცნობა იმისა, თუ რა შეგვიძლია, რისი მარიფათი გვაქვს. “მრავალმხრივი ინტელექტის თეორია” გაგიგიათ? ვისაც ჩემსავით მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესში აქვს მონაწილეობა მიღებული მათთვის ცნობილია თუ რაზე ვსაუბრობ.

 ჰოვარდ გარდნერი თვლის, რომ ადამიანებს აქვთ სულ ცოტა 8 ერთმანეთისგან განსხვავებული უნარი, ანუ მრავალმხრივი ინტელექტი. ამას ემატება, ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში მეცხრე – ეგზისტენციალური ინტელექტი.რაც გულისხმობს უნარს იფიქროს, იაზროვნოს ფილოსოფიურ და სასულიერო საკითხებზე.

გარდნერის აზრით, ადამიანს შეიძლება გააჩნდეს:

  1. ლინგვისტური / ენობრივი ინტელექტი – ენის ეფექტურად გამოყენების უნარი.
  2. ლოგიკურ–მათემატიკური ინტელექტი – ლოგიკური აზროვნების უნარი, მათემატიკური ოპერაციების შესრულების უნარი.

    3.   სივრცული ინტელექტი – ვიზუალური სამყაროს სწორად აღქმის უნარი.

   4.მუსიკალური ინტელექტი – მუსიკის შექმნის, აღქმის და შეფასების უნარი.

   5.ფიზიკურ–კინესთეტიკური ინტელექტი–კოორდინაციის, ხელების მარჯვედ გამოყენების, მოქნილობის, სისწრაფისა და შეხების შეგრძნების უნარი.

   6.ინტერპერსონალური ინტელექტი – სხვა ადამიანთა განწყობების, განზრახვების, მოტივაციების და გრძნობების აღქმის და დანახვის უნარი

    7.  ინტრაპერსონალური ინტელექტი – თვითშემეცნების უნარი.

     8. ნატურალისტური ინტელექტი – ბუნებაში არსებული სიცოცხლის ფორმების ამოცნობისა და განსხვავების უნარი.

გარდნერის აზრით, ყველა ბავშვს გააჩნია რვავე ტიპის ინტელექტი და შეუძლია მათი საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარება.

მეც მჯერა გარდნერის და იმისიც, რომ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია, თუმცა არ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს. წიგნის შინაარსის მოყოლას არ დავიწყებ, მაგრამ მხოლოდ ერთს აღვნიშნავ: რა გვაკავებს აღმოვაჩინოთ და განვივითაროთ ის ინტელექტები, რომელიც ბუნებამ გვიბოძა? ზედმეტად ბევრს ხომ არ ვფიქრობთ იმაზე თუ რას იტყვიან ჩვენზე? ზედმეტად ბევრს ხომ არ ვფიქრობთ სხვა ადამიანების აზრზე და სწორედ ეს დამოკიდებულება ხომ არ წარმართავს ჩვენს ცხოვრებას?

”როგორ შეიძლება ანგარიში გაუწიო ბრბოს აზრს, როცა ცალკეული ადამიანის აზრი ჩალად არ გიღირს?” კითხულობს სომერსეტ მოემი წიგნში “მთვარე და ექვსპენიანი”.

მის გმირს არ აინტერესებდა სხვა ადმიანების აზრი და იცხოვრა კიდეც ისე, როგორც სურდა.

ის პოლ გოგენი იყო,

მან იგრძნო საკუთარი შესაძლებლობები და ზედმეტი გარსივით გამოძვრა ყველაფერი იმისგან, რაც თავისი ინტელექტის გამომჟღავნებაში უშლიდა ხელს. პეპელასავით გამოძვრა ჭუპრიდან, რომელშიც 46 წელი იჯდა. წავიდა ტაიტიზე და ხატავდა, ხატავდა, ხატავდა…

“მსახიობი, მხატვარი, პოეტი, თუ მუსიკოსი, თავისი ამაღლებული და მშვენიერი შემოქმედებით, ესთეტიკურ მოთხოვნილებებს გიკმაყოფილებთ, ეს სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილებას ჰგავს, იმასავით ბარბაროსულია, რადგან ისიც საკუთარ თავს გთავაზობთ საჩუქრად. შემოქმედის საიდუმლოს ამოხსნას ისევე ესწრაფვის ადამიანი, როგორც დეტექტიური რომანის დამთავრებას, მაგრამ იგი სამყაროსავით ამოუხსნელი და შეუცნობელია.”

დავინახოთ საკუთარი ექვსპენიანი ჩვენს ფეხებთან 🙂

თუნდაც, სიცოცხლეში ვერ მოვესწროთ აღიარებას ისევე, როგორც ვან გოგენი.

1280px-paul_gauguin_037

 

 

Posted in 0 | დატოვე კომენტარი

პრომეთეს მღვიმე

    იყო ერთი მიწისქვეშა მაცივარი, რომელსაც იმერელი მწყემსები ალბათ ან ხორცის შესანახად იყენებდნენ, ანაც ცივი, ანკარა წყლის მოსაპოვებლად. შემდეგ უფრო ღრმად შეუღწევიათ აქ სამეცნიერო ექსპედიციის წევრებს და მათ თვალწინ გადაშლილა დაახლოებით 16 დარბაზისაგან შემდგარი ულამაზესი მღვიმე.

როგორც გიდმა გვითხრა ამ დარბაზის კუთხე -კუნჭულებში 3 მილიონამდე ღამურა ბინადრობს. მღვიმის საინტერესო ადგილები ფერადი განათებებით არის გამოკვეთილი და მთელი მარშრუტის განმავლობაში კლასიკური მუსიკაა ჩართული, რაც გასაოცარ განწყობას ქმნის. აქ არის ე.წ. “სიყვარულის დარბაზი”, სადაც ხელისმოწერის ცერემონიის ორგანიზებაა შესაძლებელი დაქორწინების მსურველთათვის. სად იპოვი ამაზე იდუმალ, ლამაზ და გრილ სამყაროს. აქ საუკეთესო ჰაერია ასთმით დაავადებულებისთვისაც.

მღვიმეში განათებით გადაღება აკრძალულია. გიდი ყურადღებით არის და ზორბა “ჩამკეტებიც” აკონტროლებენ სიტუაციას. თავიდან ვითომც არაფერი, მაგრამ რაც უფრო ღრმად შედიხარ მღვიმეში, თანდათან უფრო და უფრო გაოცებს მისი მონუმენტურობა: ბოლო არ უჩანს საოცარი ქანდაკებების რიგს, ულამაზეს ფარდებს და გაქვავებულ ჩანჩქერებს. სად ნახავ უკეთეს მუზეუმს. განათებები ეფექტს საოცრად ამძაფრებს. 

ცალკე მარშრუტია მიწისქვეშა მდინარეში ნავით მოგზაურობა. ეს სიამოვნება დამატებითი თანხა ჯდება, თუმცა 7 ლარი რა სალაპარაკოა, როცა ასეთი სიამოვნებაა წინ. თავი სტიქსზე გგონია ხარონის ნავში.

ფეხით ტურისტულ ბილიკზე მოძრავთათვის მარშრუტის დასასრულს “პრომეთეს დარბაზში” ლაზერული შოუ ეწყობა გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლების” მელოდიის თანხლებით.

ულამაზესი მიწისქვეშა სამყარო, რომელსაც ბუნება ათასწლეულები ქმნიდა 1984 წელს აღმოუჩენიათ. 2011 წელს ეს ზღაპრული სანახაობა მნახველებისთვის ახალი სახით გაიხსნილა. სააკაშვილის ინიციატივით, ჯგუფ “ქართუს” ანუ ბიძინა ივანიშვილს მოუწყვია აქ ტურისტული ბილიკი და მღვიმე ლაზერული შოუთი, განათებებით, მუსიკით გაუფორმებიათ. გიდიც მხიარული შეურჩევიათ, რომელიც ტურისტების გასაოცებლად და დასაშოკად არაფერს ზოგავს. 🙂

3 მილიონი ღამურის არსებობას ცოტა სკეპტიკურად რადგან შევხედეთ გიდმა გამოსასვლელ გრძელ გვირაბში ისედაც ნანახისგან შოკირებულებს დამატებითი სიმძაფრისთვის შუქიც ჩაგვიქრო და სადისტურად დატკბა გოგოების კივილის მოსმენით.

მღვიმეში მრავალი კიბის საფეხურ გამოვლილებს გარეთ თეთრი, კუკუშკა მატარებელი შემოგვევგება და აღმართზე აგვიყვანა შემოსასვლელთან. 

_DSC0179 _DSC0183 _DSC0198 _DSC0202 _DSC0203 _DSC0206 _DSC0201 _DSC0210 _DSC0217

Posted in 0 | დატოვე კომენტარი

კნუტ ჰამსუნის “შიმშილი”

ეს წიგნი ჩემთვის ცივი შხაპივით გამოდგა. ნატურალიზმი არასდროს მყვარებია, პირიქით, ამ მიმდინარეობაზე ყოველთვის გული მერეოდა, იმიტომ რომ ძირითადად ემილ ზოლასეულ გაჭირვებული მეძავების ცხოვრებას მაგონებდა. გაშიშვლებული რეალობა ესთეტური ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს ნაწარმოები შოკია, რომლიდან გამოსვლა მიჭირს და ალბათ ამიტომაც ვწერ ამის შესახებ პოსტს, რომ თავი დამანებოს მასზე ფიქრმა.

“დავჯექი, პირდაპირ იატაკზე დავჯექი, ძაღლივით დაღლილი, უსასოობით გაშეშებული რემდენჯერმე მექანიკურად ვიმეორებ: დაბრუნდა სახლში! დაბრუნდა სახლში! და სრულიად ვდუმდები “_ ამბობს ადამიანი, რომელსაც აღარაფერი გააჩნია, შიმშილის გრძნობას ნახეხიდან აღებული ნაფოტების წუწვნით იკლავს. ეს არის ადამიანი, რომელსაც თავის სარჩენად მხოლოდ წერა შეუძლია, მაგრამ ფანქარიც კი არ აქვს, რომ რამე დაწეროს. ეს  არის ადამიანი, რომელიც ამბობს: ” ბოლო კრიზისს ჩემთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. თმისცვენა დამეწყო, თავის ტკივილები მტანჯავდა და ნერვებიც მღალატობდა. დღის განმავლობაში ხელებზე ნაჭრებშემოხვეული ვწერდი, რადგან მათზე საკუთარი ნასუნთქი მაღიზიანებდაო”.

ეს არის ადამიანი, რომელიც ერთ დიდ ლუკმას თუ უბოძებს ღმერთი, მასაც სხვას უყოფს. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ღირსების შესანარჩუნებლად ბოლო კაპიკები ესროლოს შეურაცხმყოფელს სახეში და შიმშილზე მეტად საკუთარი სულიერი დეგრადაცია აშინებდეს.

thumb (1)

და ასეთი ადამიანი ცხოვრობს ქალაქში სახელად ქრისტიანია “უცნაურ ქალაქში, საიდანაც დამღის გარეშე ჯერ არავის გაუღწევია”. საოცარი  ასოციაციები მიჩნდება, თქვენ არა?

imageserver

“დროთა განმავლობაში, სულიერად და ხორციელად, სულ უფრო და უფრო ნაკლებად ღირსეულად ვიქცეოდიო” ამბობს და უმატებს: “საკუთარი თავის სანუგეშოდ და გულის მოსაფხანად, ჩემს ირგვლივ მოსიარულე ბედნიერი ადამიანების ნაკლოვანებების გამოჩხრეკა დავიწყეო”; “ღარიბი გონიერი ადამიანი მდიდარ გონიერ ადამიანზე გაცილებით უფრო დაკვირვებულიაო.”

ფაქტია, რომ იმ უკიდურეს შიმშილს, რომელსაც ეს ადამიანი განიცდიდა, მის სულიერ მდგომარეობაში საოცარი ცვლილებები შეჰქონდა.

საინტერესოა, გაჭირვებული, უკიდურესად მშიერი ადამიანის დამოკიდებულება ღმერთთან. ოღონდ ეს ადამიანი ინტელიგენტია, საოცრად ამაყი.

ადგილი, რომელმაც ამ მხრივ დამშოკა ალბათ ეს არის: (სრულად მოვიყვან წიგნიდან)

“როცა გარეთ გამოვედი, შუა ქუჩაში გავჩერდი და მუშტებშეკრულმა ხმამაღლა წარმოვთქვი:

_ ჩემო ძვირფასო ღმერთო, ერთ რამეს გეტყვი_ შენ ასეთი და ასეთი ხარ! – შემდეგ კბილს კბილი მივაჭირე და ღრუბლებს გაშმაგებით მუშტი მოვუღერე, _წყეულიმც ვიყო, მაგრამ შენ ასეთი და ასეთი ხარ!

რამდენიმე ნაბიჯი გადავგი და შემდეგ ისევ გავჩერდი. მოულოდნელად გადავსხვაფერდი, გულზე ხელები მორჩილად დავიკრიფე, თავი გვერდზე გადავხარე და ტკბილი, მოკრძალებული ხმით ვიკითხე: “მართლა მიმართე მას, შვილო ჩემო? ამან ყალბად გაიჟღერა. “მას, მთავრული ასოებით, კათედრალივით დიდი ასოებით უნდა ითქვას!”, კიდევ ერთხელ, “მართლა შეჰვედრე მას, შვილო ჩემო?  თავიჩავხარე და დამწუხრებულმა ვუპასუხე: “არა”

 და ამანაც ყალბად გაიჟღერა

“ბრიყვო, შენ არ ძალგიძს ფარისევლობა! დიახ, უნდა გეთქვა, დიახ, მე შევევედრე მამას და ღმერთსა ჩემსას! და ეს სიტყვები გაჭირვებით, ყველაზე საწყალობელი ხმით უნდა გამოგეთქვა, როგორიც კი ოდესმე გაგონილი გქონდა. აბა, ერთხელაც სცადე! დიახ, ახლა უკეთესია, მაგრამ ამასთან ერთად, ისე მძიმედ უნდა ქშენდე, როგორც დოღგამოვლილი ულაყი. აი ასე!”

ღმერთს მიმართა. დაადანაშაულა საკუთარ გაჭირვებაში ის, რომლის არსებობა არ სჯეროდა, მაგრამ მას მაინც აღმოხდა ეს სიტყვები და მაშინვე საკუთარ თავს დასცინა. ქართველი ლიბერალიზმი გამახსენდა. უფრო სწორად ათეისტი ინტელიგენცია, რომელიც ცინიკურად იხსენიებს რელიგიას. ისინი რომ ღმერთმა მსგავს სიტუაციაში ჩააგდოს, ნეტავ რას იზამენ? ახსენებენ თუ არა “მას”?

რატომ გვახსენდება ღმერთი უკიდურეს გაჭირვებაში? გვახსენდება და ვადანაშაულებთ მას მაშინ, როცა დალხინებულებს საერთოდაც ეჭვი გვეპარება მის არსებობაში და არც კი გვახსოვს.

წმინდა მამებს ამ საკითხზე საკუთარი პასუხი აქვთ  –

„სვინაქსარი” ტომი II:

„უფალს ჩვენი სულიერი გაწმენდა და განკურნება სურს და სხვადასხვა განსაცდელს გვივლენს, რისი საშუალებითაც ცოდვისაგან განგვწმედს… როგორც ოქრო გამოიწრთობა ცეცხლში და განიწმინდება წიდისაგან, ასევე იწმინდება ჩვენი სული შეჭირვებისა და განსაცდელის დროს. ამ დროს მივილტვით უფლისაკენ, ხშირად გვახსენდება ღმერთი, სიხარულის ჟამს კი -გვავიწყდება. უფალს სურს, მუდმივად ვიცხოვროთ მისი მცნებებით, ჭირშიც და ლხინშიც. მხოლოდ გაჭირვების ჟამს კი არ მივეახლოთ მას, არამედ კეთილდღეობის დროსაც, ლხინში, რათა საუკუნო განსასვენებელში მუდმივ სიკეთეში ვიყოთ, მუდამ ვიხარებდეთ და ვნეტარებდეთ”. ამრიგად, მღვდელმთავარ დიმიტრის თქმით, უფალი იმიტომ  გვაგდებს განსაცდელში, რომ გადავრჩეთ და ეს უდავო ჭეშმარიტებაა.

იოანე სირიელი ერთ მონაზონზე (ვფიქრობთ, თავისთავზე), ამბობდა: „იყო ერთი ღარიბი ბერი, რომელსაც საშინელი ხილვა ჰქონდა: სამი ბერი ზღვის პირას იდგა. უეცრად მეორე ნაპირიდან მოისმა ხმა, რომელიც ასე მიმართავდა მათ:

-აღიჭურვეთ ცეცხლოვანი ფრთებით და გადმოფრინდით ჩემთან.

ორი მათგანი დაუბრკოლებლად გადაფრინდა, მესამე კი იდგა და ხმამაღლა ტიროდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მასაც მიეცა ფრთები, არა ცეცხლოვანი, არამედ სუსტი და აი, დიდი გაჭირვებით გაფრინდა, ხშირად ვარდებოდა წყალში, იტანჯებოდა, მაგრამ მაინც მიაღწია იმ ნაპირს, სადაც მისი თანამოძმენი გაფრინდნენ.

როგორ გავიგოთ ეს ხილვა? მონაზვნები, რომლებმაც ცეცხლოვანი ფრთები მიიღეს, იყვნენ ისინი, ვინც ამქვეყნად უფლისთვის ცხოვრობდნენ, მას ემსახურებოდნენ და არანაირი მიწიერი საზრუნავით არ კავდებოდნენ. უკანასკნელი კი, რომელსაც სუსტი ფრთები ერგო, იმ ადამიანთა რიგებს ეკუთვნოდა, ვინც უბედურების შედეგად მიაღწევს სულის ხსნას. დღევანდელი საზოგადოება ჩაფლულია ყოფით საზრუნავში, მათ გონებით ამაღლება და სულის ხსნა მხოლოდ განსაცდელის მოვლენით შეუძლიათ”.

მართლაც, განსაცდელს უფალი ჩვენდა საცხოვნებლად მოგვივლენს! როდის ლოცულობს ადამიანი გულდაგულ? – განსაცდელის ჟამს. როდის დადის იშვიათად ცოდვილთა შეკრებებზე? – განსაცდელის ჟამს, როდის ხდება ადამიანი უფრო გულუხვი და მოწყალე? – განსაცდელის ჟამს.”

არ იფიქროთ, რომ წიგნში ამ საკითხთან მიმართებაში რამე განვითარდა სწორხაზოვნად. არა, პირიქით,

ამბობს ერთხელ და ამთავრებს: “თუკი ის მცდის და დაბრკოლებებს იმისთვის მახვედრებს, რომ მიმიახლოვოს და ჩემი სული განწმინდოს, თამამად შემიძლია დავარწმუნო, რომ ის ცოტათი ცდებაო.” ჯიუტი ადამიანია:

“შემოქმედის ასეთი თვითნებობის საპასუხოდ, რომელიც სხვათა ცოდვების გამოსყიდვას მე მაიძულებდა, მთელი რიგი ურყევი არგუმენტი მქონდაო”- ამბობს, მაგრამ სად არის არგუმენტები?

ფიზიკურ ტკივილამდე დაყვანილი შიმშილი მას აღარ აძლევს განვითარების საშუალებას. შეცდომებსაც უშვებს და მერე კი ნანობს, თუმცა უშედეგოდ_ როგორც კი საშუალება ეძლევა ისევ იმეორებს იგივეს. “სინდისიო, ამბობ? სისულელეა, შენ ზედმეტად ღარიბი ხარ იმისათვის, რომ საკუთარ სინდისს ელოლიავო”. აბობს ის და თავმოყვარეობადაკარგული, გამწარებული ამბობს:

ქალებს თითქმის კაცებად აღვიქვამდი, სიდუხჭირემ ერთიანად გამომაშროო და მართალიც არის. მისთვის ძვირფას ქალს როცა უხსნის, რომ მასთან შეხვედრის დროს ნასვამი კი არა, მშიერი იყო, ქალი გაურბის. როგორ ნასვამი ვერჩიეო, ფიქრობს და ისევ ღმერთს მიმართავს ”შენ გეუბნები, თუ მართლა არსებობ, სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ ჩემი უკანასკნელი სიტყვაა – მშვიდობით. ახლა კი მე დავდუმდები, ზურგს შეგაქცევ და ჩემს გზაზე წავალ.”

ღმერთის უარყოფამდე მისული ადამიანის აზროვნება, მაინც მას ვერ სცდება: ოლეოგრაფიაზე გამოსახულ ქრისტეს ძალიან უცნაური, მწვანე ფერის თმა ჰქონდა. ის მწვანე მდელოების ხშირ ბალახს წააგავდა. მწვანე ბალახმა ბიბლიის ადგილი გაახსენა, სადაც ყოველი ცოცხალი, ხორცშესხმული არსება ბალახთანაა შედარებული, რომელიც ბოლოს იწვის. შემდეგ განკითხვის დღეზე ფიქრობს, როდესაც ყველაფერი ცეცხლში გადაიბუგება.

წიგნს თუ წაიკითხავთ, ალბათ იტყვით რა ღმერთის შესახებ ამოუკრეფია ნაწყვეტები, სინამდვილეში ყოფიერების აღწერას აქ გაცილებით დიდი ადგილი უჭირავსო, მაგარმ მართალი არ იქნებით, გმირს სწორედ რომ ყოფიერებაზე ეშლება ნერვები: “უმნიშვნელო წვრილმანები ჩემს შინაგან სამყაროში იჭრებოდნენ და ძალების ტყუილუბრალოდ დახარჯვას მაიძულებდნენო,” – ამბობს და ალბათ ეს არის ამომავალი ფრაზა. ყოფიერება იჭრებოდა ხელოვანი ადამიანის ცხოვრებაში უხეშად. საკვები მას მხოლოდ სიცოცხლისთვის, ფიზიკური არსებობისთვის სჭირდებოდა. ასეთი ადამიანები ჰაერით უნდა ცოცხლობდნენ.

საოცარი წიგნია ეს  “შიმშილი”.kurio_hunger

ამ ნორვეგიელი  მწერლის საქართველოში ვიზიტის შესახებ ალბათ გსმენიათ კიდეც. ორი ნაწარმოებიც დაწერა, ,მათ შორის ერთი ცოტა დამახინჯებული ფაქტებით სახელად “თამარ მეფე”.

Posted in ლიტერატურა, პროზა | დატოვე კომენტარი

ჩემგან ოქროს ბურთი კლოზეს! ფიფას ვინ ეკითხება :)

post-76-1405353138

გერმანიამ მოიგო. ახდა ჩემი დიდი ხნის ოცნება.
რატომ გერმანია?
ზუსტად არც ვიცი.
გერმანია მიყვარს, როგორც ქვეყანა. ვაფასებ მის ლიტერატურას, ფილოსოფიას და ზოგადად კულტურას;
საუკეთესო მკვლევარები ჰყავთ ჩემთვის ძვირფას კლასიკურ ფილოლოგიაში და სხვა დისციპლინებშიც;
მომწონს ამ ხალხის დამოკიდებულება საქმისადმი და პროფესიონალიზმი; გერმანია ჩემთვის ხარისხის ნიშანია.
ადრე არგენტინას ვგულშემატკივრობდი მარადონას ხათრით. მახსოვს სოფელში ვიყავით ხოლმე უკვე იმ დროს, როცა ფინალი იყო. ჩვენ ივნისში გვითხოვდნენ სკოლიდან, მერე დედას ველოდებოდით. მას, როგორც მასწავლებელს ერთი თვე კიდევ უნდა ევლო და იმიტომ. ამასობაში მსოფლიო ჩემპიონატიც ხურდებოდა ხოლმე.
გერმანია ძალიან ძლიერი გუნდია. ორგანიზებული და ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. 1990 წლისს შემდეგ ძლივს გახდა ჩემპიონი. აქამდე ბედი არ სწყალობდა. მის ბედს ჩემსას ვადარებდი ხოლმე. საქმე ბოლომდე მიმყავს, მაგრამ ან ფინალში ვმარცხდები ან ნახევარფინალში გერმანიასავით მეთქი ვამბობდი.მაგალითად, ოთხი წლის წინ ნახევარფინალზე და ფინალზე კლინიკაში ვიწექი კისტის ოპერაციას ვიკეთებდი და თან გერმანიისა და ჩემს უიღბლობაზე ვფიქრობდი. გავიდა მაშინ მესამე ადგილზე სამწუხაროდ. დღეს 2014 წელია და გერმანიის ჩემპიონობასაც მოვესწარი, ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა გული მაინც მწყდება რაღაცაზე. კერძოდ იმაზე, რომ ოქროს ბურთი მესის მისცეს და არა კლოზეს, რომელმაც რეკორდი დაამყარა მსოფლიო თასის ისტორიაში. კლოზე 36 წლის არის და ალბათ ოთხი წლის შემდეგ არარც ატამაშებენ ნაკრების შემადგენლობაში. ახლაც, ლიოვმა გაიყვანა თამაშიდან და მის ნაცვლად 22 წლის გეცე შემოიყვანა, რომელმაც გაიტანა კიდეც გამარჯვების გოლი.
მესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უძლიერესი ფეხბურთელია, მაგრამ კარგი იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატის რეიტინგების მიხედვით ემსჯელა ფიფას და არა ზოგადად.ლიონელ მესიმ მხოლოდ სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა პლეი ოფის ოთხ შეხვედრაშიო ამბობენ. კლოზე ოქროს ბურთის არა, მაგრამ ოქროს მედალოსანი კი გახდა, რაც კლოზესთვის მეოთხე ჯილდოა ეროვნული ნაკრების რიგებში მუნდიალებზე. კლოზე პირველი ფეხბურთელია, ვინც მსგავს შედეგს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ 2002 წელს გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა, 2006 და 2010 წლებში კი “ბუნდესნაკრები” ბრინჯაოს მედლის მფლობელი ხდებოდა.
მოკლედ, როგორც ჩემი მეუღლე ამბობს, საქმის დიდი მცოდნესავით ვლაპარაკობ, სინამდვილეში კი ფეხბურთის ბევრი არაფერი გამეგება.:)
ეს მართლაც ასეა, ამ საქმეში დილეტანტი ვარ. მაგრამ ვიცი მხოლოდ ერთი, რომ სანამ საქართველო არ წავა მსოფლიო ჩემპიონატის სათამაშოდ, იქმდე გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარი ვიქნები. უფრო სწორად ის გუნდი, რომელიც მე მიყვარს უკვე დაბერდა და მას ახლები სცვლიან. დღეს კლოზზე წავა, ხვალ ლამი, ნოიერი, ხედირა ან სულაც პოდოლსკი მიყვებიან უკან და იმ ჩემი ძველი ნაკრებიდან ვიღას ვუგულშემატკივრო?!თუმცა, ახალგაზრდებიც კარგები არიან. მე ფანი არც მეთქმის სამწუხაროდ. ფანი ალბათ საქართველოს ნაკრების ვიქნები. სტადიონზეც სიამოვნებით წავალ საქართველოს დროშით და მაისურით ოღონდ ეს გვეღირსოს ქართველებს ოდესმე. ფეხბურთი მასობრივი სიგიჟეაო ამბობენ და მართლაც ასეა. საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ მზად ვარ ამ მასის ნაწილად ვიქცე. იქამდე კი ვიქნები გერმანიის ზომიერად გულშემატკივარი, გამიხარდება მისი გამარჯვებები მუნდიალზე თუ ევროპის ჩემპიონატზე და ა.შ.

Posted in 0 | დატოვე კომენტარი

დინება ანუ მოძრაობა – ბედნიერებაა

ბედნიერებაა იყო ქალი და იყო დედა. მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა, თუნდაც ამის გამო დრო აღარ დაგრჩეს წერო საკუთარ ბლოგზე 🙂

მომენატრა ჩემი ბლოგი.  . .

ფეისბუქზე ამ ბოლო დროს ბევრმა უცნობმა დამილაიქა ფეიჯი, რაც დიდი სტიმულია ჩემთვის.

ჩემს ცხოვრებაში სიახლეებია: მე და ჩემმა მეუღლემ სახლი შევიძინეთ. სახლი ჯერ ბოლომდე გარემონტებლი არ არის, მაგრამ მაინც გადავდივართ და ეს ძალიან ამაღელვებელი პროცესია. მეც ვღელავ, მაგრამ უფრო მეტად ჩემი ქმარი განიცდის და ვცდილობ ჩემი გერდში დგომა ვაგრძნობინო. რაც ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ – არა.

ბავშვსაც გაუჭირდება ალბათ ახალ გარემოში. ძველ სახლში ძალიან ლაღად იზრდებოდა. სივრცე აძლევდა მის საშუალებას. ახლა ცოტა ჩაკეტვა მოუწევს. მოკლედ ცოოოტა მეშინია ცვლილებების, მგრამ თან მიხარია, რომ ეს დღე უკვე დადგა. 

ცვლილებების დრო, ახალი ეტაპი ცხოვრებაში, ახალი შეგრძნებები და გამოცდილებები, მიზნები  და მათი განხორციელების გზების ძიება. რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ამის გარეშე ჭაობია. მთავარი მოძრაობაა და მიხარია, რომ ვმოძრობთ, განვიცდით, ვიზრდებით და ა. შ. ერთ ადგილზე გაყინვა ყველაზე ცუდი რამ არის. ერთი ადგილი და ერთ პოზიციაზე დარჩენა დამყაყებაა, განძარცვა და გაღარიბებაა. გონებაც უნდა ავარჯიშო და შენი ცხოვრებაც გაამდიდრო. მიხარია ცვლილებები და მიხარია, რომ ვარსებობ ცვლილებების სამყაროში. ვიყუროთ ღვთისკენ და ვიმოძრაოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გაგვიმართლებს.

მოძრაობაზე ვსაუბრობდი და ამ ბოლო დროს  “ტედ”-ზე მოსმენილი ლექცია გამაახსედა.

მიჰაი ჩიკსენთმიჰაი: დინება, ბედნიერების საიდუმლო

 აქ ეს ადამიანი ყვება თუ როგორ მოუსმინა ბავშვობაში შემთხვევით კარლ იუნგს, რომელმაც მისი აზროვნება შეცვალა. მთელ ლექციას არ მოვყვები და მოკლედ ვიტყვი თუ რაზე საუბრობს ეს ადამიანი თავის გამოსვლაში

ეს არის ბედნიერება

ის გარკვეული დაკვირვების საფუძველზე ასკვნის, რომ მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება აღარ ახდენს გავლენას მოსახლეობის ბედნიერების დონეზე. ბედნიერებაა მოიპოვო წარმატება და არა ფული. წარმატებაა, როცა ეხმარები სხვებს და ეს ქმნის ბედნიერების განცდას იმ ადამიანებში, ვინც იწვევს ამ წარმატებას. “წარმატება-ეს არის ერთგვარი გატაცება, რომელიც მოდის შენთან. მოდის მაშინ, როდესაც შენ აკეთებ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს და მუშაობის  დროს ხარ “დინებაში”.

იგი გამოყოფს შვიდ კომპონენტს, რომელიც ახაიათებს ადამიანს, რომელიც იმყოფება “დინების” მდგომარებაში:

1.ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე –

2. რასაც მივყავართ ექსტაზის შეგრძნებამდე;

3.შინაგანი რწმენის გაძლიერებამდე;

ეს არის მომენტი, როდესაც იცი თუ რა უნდა გააკეთო დროის ამ მონაკვეთში და შენ ეს საქმე გამოგდის.

4. გრძნობ, რომ საქმე, რომელსაც აკეთებ, რთულია, მაგრამ შესრულებადია;

5. შენ გავიწყდება საკუთარი თავი;

6. კარგავ დროის შეგრძნებას;

7. თავს გრძობ რაღაც საერთოს, დიდის ნაწილად.

და როცა ყველა ეს კომპონენტი თავს ერთად მოიყრის, თქვენი საქმნიანობა ხდება ფასეული.

 

კარგია, როცა ადამიანი რამე ფასეულს ქმნის. ეს მასაც აბედნიერებს და მის ირგვლივ სამყაროსაც. კარგია, როცა ადამიანი მოძრაობს და “დინება” თუნდაც კალაპოტში ილიასეული თერგისა არ იყოს შეუჩერებელია. ზოგიერთი მდორე მდინარეც არსებობს, ზოგიერთი ადამიანივით,რომელიც მართალია მიდის და მიიზლაზნება, მაგრამ ვერც თავად განიცდის ამ პროცესისგან სიამოვნებას და ვერც სხვას აბედნიერებს. მართალია ის მდინარეა, და ბევრ ჭაობს სჯობს, მაგრამ  მდორეა, უხალისოა და უბედურია. ვერც სხვას აბედნიერებს თავისი ცხოვრების მანძილზე და თავადაც მუდამ ოხვრა-გოდებაში გაჰყავს წუთისოფელი. ექსტაზზე იყო საუბარი და ეს ბევრს ნიშნავს. საქმისგან, ლოცვისგან შესაძლებელია განიცადო ექსტაზი და ეს ადამიანის ცხოვრებას ხდის ფასეულს და შესაბამისად წარმატებულს და ბედნიერს. ყველას ვუსურვებ დიდ ბედნიერებას.

მოუსმინეთ, ვინც დაინტერესდით ამ ადმიანს :*

 

 

 

 

 

 

Posted in 0 | დატოვე კომენტარი

ნოსტალგია

ნოსტალგიის დღე აღმოჩნდა. სამი წლის წინანდელი ამბები გავიხსენე, ძველი მეგობრები, როგორი ვიყავი, რას ფიქრობდი და ვგრძნობდი მაშინ, სანამ ცხოვრებას შევიცვლიდი, არჩევანს გავაკეთებდი. მოკლედ, სანამ გავთხოვდებოდი. ახლანდელი ლურჯი ფრინველი მაშინდელს სჯობია. ბედნიერია, გზაზე დაყენებული, პატრონს ჩაბარებული და თავადაც უკვე პატრონი და აღმზრდელი. მაშინდელი კი დაბნეული, უაზროდ მეოცნებე და საოცრად არათავდაჯერებული იყო.  თუმცა, ჰქონდა თავისი ცხოვრება მშობლებთან ერთად,  მუშაობდა, ჰყავდა უნივერსიტეტის და სკოლის მეგობრები, თამაშობდა ინტელექტუალურ სპორტულ თამაშებს  მეგობრებთან ერთად, დადიოდა სისტემატურად ტაძარში, დაჰყვებოდა ლაშქრობებზე ხეტიალის მოყვარულ ხალხს აღმა-დაღმა საქარველოს სხვადასხვა კუთხეში, კითხულობდა მაშინაც ბევრს და  . . . ცხოვრობდა.

კარგი დრო იყო, თუმცა მერე ერთბაშად ეს ყველაფერი მოაკლდა, მაგრამ შეემატა სხვა რამ უფრო დიდი, გაცილებით მნიშვნელოვანი,მაგრამ გაუჭირდა, თითქოს ფრთები შეაკვეცესო . . .

მერე ნელ-ნელა შეიყვარა ახალი გარემო და ახლა ძველ დროს იხსენებს, როგორც ოდესღაც გაგონილს, სხვის ცხოვრებას, და მაინც ნოსტალგია აქვს.  .  .Image

 

Posted in 0 | დატოვე კომენტარი