რა ლამაზი დღეა, ლურჯი ფრინველის დაბადების დღეააა . . . You registered on WordPress.com 5 years ago!

5 წელი გასულა რაც ბლოგი მაქვს. სიმართლე გითხრათ, თვეობით მყავს ხოლმე მიტოვებილი ეს ჩემი მეგობარი. არც პურს მთხოვს და არც წყალს, არის თავისთვის. როცა არ უნდა მოვაკითხო სიხარულით მეგებება. მიყვარს მე ჩემი ბლოგი, ძალდაუტანებელი ურთიერთობებისა და ერთგულების გამო. არც კი მახსოვდა ამდენი დრო თუ გავიდა ვორდპრესს რომ არ შეეხსენებინა.

სულ მინდა გავაქტიურდე, მაგრამ ხან ბავშვი, ხან სამსახური და ვერ ვიცლი აქაურობისთვის. ვრცელი სტატიები მატრაკვეცობაა, მოკლე  -არაფრისმთქმელი.  ხანდახან რომ დავფიქრდები, რისი კეთება მსიამოვნებს ყველაზე მეტად, ვხვდები, რომ ბლოგინგი ერთ-ერთი კი არა, უმთავრესია მათ შორის.

ფული და თავისუფალი დრო რომ მქონდეს, სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ლეპტოპით და ფოტოაპარატით ხელში. შევიდოდი რომელიმე Wi -Fi-იან კაფეში. დავჯდებოდი მყუდროდ და დავწერდი და დავწერდი ბევრს. ახლა წარმოვიდგინე ვენა ან პრაღა ანდაც ამსტერდამი, იფ, იფ მშვენიერი გრძნობაა ამ სიტუაციის წარმოდგენაც კი. ზაფხულში სიგრილე, ზამთარში თბილი პლედი და მუხლებზე ლეპტოპი, თავში კი გაღვიძებული მუზა, ფანტაზია და ესთეტიკა დადაქალდებოდნენ და მიბიძგებდნენ წერისთვის. მიყვარს როცა “წყალივით” ვწერ. ამ დროს მხოლოდ კლავიატურის ხმა მესმის და მეტი არაფერი.

ფული და მოგზაურობაც რომ არა, ერთ ადგილზე ნამდვილად არ ვზიავრ და მეტს უნდა ვწერდე, მაგრამ ხშირად ვიკავებ თავს. ამიტომ მინდა ალბათ თავისუფალი სივრცე. აზრის გამოთქმის სულაც არ მეშინია, მადლობა ღმერთს არ გვაქვს ასეც საქმე, თუმცა თვითცენზურა მუშაობს და ეს ძალიან ცუდია. ვერ ვიტყვი რამე პოლიტიკურის თქმა მინდა მეთქი, სულაც არა, თუმცა პროტესტი სხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე ჩემგან უფრო მკაფიო იქნებოდა… ალბათ. ამდენი ალბათ რომ დამიგროვდა ესეც პრობლემაა. არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი. იქნებ ისევე ინერტულად, როგორც ახლა.

ხუთი წლის “ლურჯ ფრინველს” ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და უფრო გამრავალფეროოვნება -გასაინტერესოებას და გააქტიურებას. მე თუ რა, ვიღამ უნდა უსურვოს კარგი რამე -რუმეები!

5year_anniversary_Createcph_blog

This entry was posted in 0. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი