ბაადურ ბალარჯიშვილი

ჩემმა მკითხველმა იცის,რომ ამ რვა წლის წინ თელავს დავუკავშირე ჩემი ბედი და ქალაქი, სადაც ერთადერთხელ, მხოლოდ ექსკურსიის დროს ვიყავი ნამყოფი, ჩემთვის მშობლიური გახდა.
უკვე იმდენი დროა გასული, რომ თელაველად ვითვლები, ამიტომაც, სირცხვილია აქაურ შემოქმედებზე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდეს.

 

ამ სერიას პოეტ ბაადურ ბალარჯიშვილით დავიწყებ. ვერ ვიტყვი რომ აქ პოპულარული პოეტია და ბავშვებს მისი ლექსებით ზრდიან, თუმცა უფროს თაობას მაინც ახსოვს და პატივს სცემენ, როოგორც კოლორიტულ, თელაველ შემოქმედს.

ბაადურ ბალარჯიშვილის სახელი,  გაგონილი მქონდა, ბევრს სვამდა და ჯაბა იოსელიანს ლექსი მიუძღვნაო  ვიცოდი, მეტი თითქმის –  არაფერი. მისი კრებული პირველად ახლა ჩამივარდა ხელში და ძალიანაც ვისიამოვნე.
ბალარჯიშვილი რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი, ასევე ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ფილმის „ხარება და გოგია“-ს სცენარის თანაავტორიც ყოფილა.

თელაველი მეთქი ვამბობ, მაგრამ ცხოვრების დიდი ნაწილი თბილისში ჰქონდა გატარებული. მის პოეზიასაც  ეტყობა თელავურ- თბილისური კვალი.

1946 წელს დაბადებულა თბილისში; სკოლა თელავში დაუმთავრებია; უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი _ თბილისში; პირველი კრებულისთვის კი 1977 წელს “თელავის ჭადარი” დაურქმევია.

მის ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხულობთ:
“გურამ რჩეულიშვილს აქვს ნათქვამი: თელავი ყველაზე კარგად ინახავს თბილისის ამბებსო. სხვათა შორის,მქონდა იდეა, ნადიკვარზე რჩეულიშვილის ძეგლი დაგვედგა,
მაგრამ წაუყრუეს.თელავი თბილისის ყველაზე შორეული გარეუბანიაო,
ესეც უთქვამთ. თელავსა და თბილისს შორის მანძილი რა მოსატანია. უბრალოდ, ორივე იყო ჩემი და აღარ არის ჩემი, სახე იცვალეს, მე კი წლები აღარ მყოფნის, არ მინდა,
ვთქვა, ვბერდები-მეთქი. ბევრია ჩემსავით… სოროში შემძვრალი, გარეთ გამოხედვა აღარ უნდა, ერთი თავისას ჰყვირის, მეორე _ თავისას, არის სიტყვების ბრახუნი.
მაშინ, როცა თბილისს ჩემად ვთვლიდი, ურთიერთობები იყო და მე გული მიმიწევდა ამ ურთიერთობებისკენ.სხვა ხიბლი ჰქონდა თბილისურ ბოჰემას. დღეს არც ეს ხიბლია და აღარც _ ბოჰემა. თუ სადმე რამე კიდევ არის შემორჩენილი, დამნახავი აღარ არის
არავინ. რასაც თბილისზე ვამბობ, ის თელავსაც ეხება.სახლიდან აღარც გავდივარ. იმ დღეს საქმე მქონდა მოედანზე. ერთი საათი ვიდექი, სალამი ვერავის მივეცი…ძველი და ღირებული რაც არის, იმას ხელი არ უნდა ახლო. აბა, სადღაა დღეს ის ნადიკვარი, ადრე რომ იყო.
ნადიკვარზე სიყვარული იბადებოდა, გრძელდებოდა და ხშირად იქ მთავრდებოდა კიდეც. მე სამოცი წლის ვარ და ჩემი საქართველო უკვე იყო.იყო და აღარ არის.”

თბილისში ცხორების პერიოდში მის ბოჰემურ ცხოვრებაზეც წერდნენ.

“თბილისში ბოლშევიკ კალინინის სახელობის ქუჩაზე ცხოვრობდა პოეტი ბაადურ ბალარჯიშვილი, ავტორი სტრიქონისა: “მე ლამაზი აღარა ვარ, ეხლა მშვენიერი ვარ”, ვისთანაც ვინ იცის, რა გზებით ნაშოვნი შოტლანდიური ვისკის ან მექსიკური საწებლების დასაგემოვნებლად და არა მხოლოდ ამისთვის “Under ground”-ის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. მათგან ვიგებდით, რომ ამერიკულ ლიტერატურას ფოკლნერის, ჰემინგუეის და სელინჯერის გარდა, თომას პინჩონი, ჯეკ კერუაკი და ჩარლი ბუკოვსკიც ქმნიდნენ, რომ ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს გენიალური ლექსები ჰქონდა დაწერილი და ჰიპებს თავიანთი საკულტო წიგნი გააჩნდათ, გრძელი და ცოტათი უჩვეულო სახელით – “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა…”
ე.წ. “სამოცდაათიანელებს” მიეკუთვნებოდა, თუმცა ხშირად გამორჩებოდათ ხოლმეო წერს ზურაბ სამადაშვილი.

baadur13

მეოთხე და ბოლო კრებული “კიპარისები”,  2012 წელს თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია “გალას” , წლის საუკეთესო წიგნად დაუსახელებია. სამწუხაროდ, ამავე წელს ქალაქ თელავში გარდაცვლილა კიდეც 63 წლის ასაკში.
2016 წელს თელავში ლიონიძის ქუჩის ნაწილს ბაადურ ბალარჯიშვილის სახელი მიენიჭა და მის სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა.

ბაადურის ლექსები მრავალფეროვანია ფორმითაც და თემატიკითაც. სოფლურ იდილიებს, მინდვრებს, გომბორსა და თელავის უბნებს ტანგო, ტრამალი , თოლია ჯონათან ლივინგსტონი ენაცვლება. ცალკე კრებული არ არის, მთელი ცხოვრების პოლიფონიაა ეს კრებული ,,კიპარისები” თელავის მარადიულ პრობლემაზე -ძაღლების ყეფაზეც კი აქვს ლექსი დაწერილი. ეს პოეტი ბევრს ფიქრობს, ექსპერიმენტებს მიმართავს.  აქვს მოგონებები, აწმყო თავისი “პახმელია” -“ლომკებით”. სიკვდილზე ფიქრით და აღსარებებით .  დღესაც აქტუალური და დროს რომ კიდევ დიდხანს გაუძლებს იმგვარი ლექსების პატრონი ბაადურ ბალარჯიშვილი ჩემთვის აღმოჩენაა. კიდევ ბევრს აღმოეჩინოს , ამას ვისურვებდი.

 

ჯონათან ლივინგსტონი

სულ გაფრენაზე ეჭირა თვალი და გაუმართლა- ბედი ჰქონი ა-

გაიღო რკინის გალიის კარი და გამოფრინდა თეთრი თოლია

არ იქნებოდა ხვალე ან შემდეგ – არ ეყო დრო და გონიცა მგონი –

მხოლოდ შტორმები ესმოდა შორი – ოკეანეთის პოლიფონია.

რაც იყო იყო, წარსული მახლას ცა თუ კი მწუხრით წაიქუფრება –

თოლიას  თავი თავისი ახლავს, უკედიგანო თავისუფლება –

მიფრენს, ჯერ მარო ფრენა რადა ღირს- სული იცილებს ბინძურ არტახებს –

იგდო ნადავლი. ხო და რა დაღლის –  მანძილს ჩაუქად მიაპარტახებს.

რაც არის არის ჟამთა წუთია, სხვა ვერ გაიგებს სხვის ჭირს-ჩხირია –

წარსულს მათრახი გადაუტია – ყველა ბაგირი გადაჭრილია.

სადღაც  შუქურას ისევ ანთებენ – წინ ფარფატერი – ასი ფუტია –

მიფრინავს ცაში თეთრი ფანტომი, ნისკარტით  მიაქვს ალილულია…

თვალი მოვკარ და ვიგრძენ იმისთანა – თითქოს პირველად გოგონა მომეწონა.

მაშინ არ დავმალავ, ვიყავ უმეცარი, დღეს კი გადამწონა წლების საპირწონემ.

სხვადან რას ვეძებდი, შიგ სულში მყოლია – გონებით ვიხილე ნანატრი საჩინო:

შენ იმით მხიბლავდი, რაც უფრო შორია – უსაზღვროვ და უჩინმაჩინო.

სხვაგან ვეძებდი და შიგ სულში მყოლია, ხო და გამერია ხმაში ობერტონი:

მღავარი ერთია – მიფრინავს თოლია, სახელად ჯონათან ლივინგსტონი.

 

ორი ძველი მელოდია
I
მე ლამაზი უკვე ვიყავ, ახლა მშვენიერი ვარ_
ბავშვივით რომ გავბრიყვდები,სიყვარულზე ვმღერივარ-
არც ალუბლის კუნწულა ვარ, არც ნარცისის ღერი ვარ –
უბედური არ ვარ, მაგრამ… აღარც ბედნიერი ვარ…

II

მე რად მინდა, ძვირფასო, გობანი და საბანი,
თივთიკები ფუმფულა ვარდის წყალში გაბანილს-
უდაბნოში დავეგდო, ქვიშა იყოს სამარე,
ოღონდ მელანდებოდეს თეთრი იასამანი.

მეფის კარი რად მინდა ან ოქრონი ქოსისა-
მოტყუება ცხადისა და მოთმინების წამალი –
ოღონდ ჰანგი მესმოდეს ჩემი ანგელოსისა,
ოღონდ მენატრებოდეს თეთრი იასამანი.

კიპარისები

რომ ვშობილიყავ როგორც მხატვარი,
ხუთიოდ სურათს მეც დავხატავდი:
ბავშვობა: კიპარისი.
ჭაბუკობა: ორი კიპარისი.
კაცობა: სამი კიპარისი.
სიკვდილი: ოთხი კიპარისი.
მარადისობა: კიპარისები…

მეკვლე

თებერვალს კვალში მარტი ჩაუდგა, გაჯდა ნესტი და ჟინჟღლი მოზღვავდა
დედაბერი კი მდინარის პირას წყლით გაჟიებულ მატყლსა როზგავდა.
მთელი აპრილი ისე შეთავდა, მერე მაისი ისე შეთავდა,
ფიქრი შაოსან დედაბერივით, მომაბეზრებელ სევდას ჩეჩავდა
მთელი ივნისი ისე ჩათავდა,მთელი ივლისი ისე ჩათავდა,
დარდი შაოსან დედაბერივით, გაუტავებელ ბაწაარს ართავდა.
მთელი აგვისტო ისე მინებდა და სექტემბერიც ისევ მინებდა
ვით დედაბერი, შეგუებული თავის ბედთან და წინდის ჩხირებთან.
მერე ოქტომბერს მოჰყვა სინაზე და ნოემბერი მოაოქროვა.
დედაბერმა კი, მტრების ჯინაზე, უსპეტაკესი თოვლი მოქსოვა.
და დეკემბეერიც მობრძანდა მყისვე: იმ შარშანდელი თოვლის ხსოვნიდან-
და ბებრუხანაც გამოჩნდა ისევ: პირველ იანვარს მეკვლედ მოვიდა.

***
არვინ დაგაცლის, რომ შენს გემოზე
განვლო, რაც გერგო ბედად ბილიკი:
_ თქვენ მარტოობა გაწუხებთ ალბათ…
_ არა, პირიქით.
მიდიხარ, გზაზედ გადაგეყრება
ვინმე ბრიყვი ან ვინმე ცინიკი:
_ ამაოება გაფიქრებთ ალბათ…
_ არა, პირიქით.
გინდა თუ არა შენთან არიან,
თითქო გერგოო ბედში წილის ყრით:
_ ხომ არ შეგვესვა ერთად რაიმე?..
_ არა, პირიქით.
შორს კუნძულების გაგანიაა
და აღმართულა პალმა _ ფინიკი:
_ თქვენ ეგზოტიკა ხომ არ გიტაცებთ?
_ არა, პირიქით.
და თუ შეგემთხვა მარცხი რაიმე,
მყის მზად არიან მწარე ქილიკით:
_ თქვენ ასე გქონდათ ჩაფიქრებული?
_ არა, პირიქით.
და უფსკრულთანაც გიდგანან გვერდით,
ჩაგჩურჩულებენ ყურში ტკბილი ხმით:
_ არ გაგიწყრეთო, ბატონო, ღმერთი…
_ არა, პირიქით.

შუქურა

გაზაფხულობით ნასვამი კაცები ირინდებიან.
ნასვამი კაცები შაშვების გალობას აყურადებენ.
გალობის გვირისტში აწ უკვე წარსულის ნაჟური წყლებია –
ციური განდობა და ბარიკადები ეკლიან ბარდების.

ხოლო ბავშვები კი, ჯერ მხოლოდ ნახატებს აფერადებენ.
დრო მიდის. ნელა მკრთალდება კონტური. ფერები ფითრდება
და თვალს ეფარება ქაღალდის ხომალდი გუბის ფარვატერით
და შორი შუქურა ჩაქრება – ინთება…
ჩაქრება – ინთება…
ჩაქრება – ინთება…

Posted in 0 | დატოვე კომენტარი

ჩემი საყვარელი წიგნი

ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოს სკოლის მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის  ერთი ნიმუშის არჩევა, წაკითხვა და მასზე თავისი შთაბეჭდილების სხვა მოსწავლეებისთვის გაზიარება დაევალათ. თუ რამე ახალის წაკითხვას ვერ მოასწრებდნენ, რომელიმე  ადრე წაკითხული წიგნის საინტერესოდ წარმოდგენაც შეეძლოთ. ღონისძიება #აჩუქე წიგნის კამპანიას მიეძღვნა.

კითხვის პოპულარიზაციაზე რომ ბევრი რამ არის განათლებაში დამოკიდებული, ეს არ ახალია – ძველია. თუმცა, იმ ეპოქაში, როცა თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ბავშვები ტელევიზორის და კომპიუტერის ეკრანებთან ატარებენ, რთულია წიგნის წასაკითხად დროის გამონახვა ურჩიო მოზარდს.

მითუმეტეს, თუ თავად მოზრდილები აღარ კითხულობენ ბევრს (შესაბამისად აღარ აძლევენ მაგალითს ბავშვებს); არ ყიდულობენ  ხშირად იმ წიგნებს, რომელიც “არ სჭირდებათ”; წიგნის ჩუქებაც დიდ პატივისცემად აღარ ითვლება. 😦

არადა, ამ ბოლო დროს, სულ უფრო მომრავლდა კვლევები ადამიანის თავის ტვინის გამოსაკვლევად და,  რა თქმა უნდა, კითხვის პროცესშიც დაიწყეს მასზე დაკვირვება.

კერძოდ, ამერიკელმა მკვლევარებმა (მოცემული კვლევა ეკუთვნის ემორის უნივერსიტეტს, აშშ)დაასკვნეს, რომ მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებს, (განსაკუთრებით ფენტეზის ჟანრის) უფრო მეტად აქვთ ემპათიის ანუ თანაგრძნობის უნარი განვითარებული.  ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჰარი პოტერის თაყვანისმცემლები სხვებზე კეთილები არიან.
article_130799_hero_5aa02f2f6419a3.84370295 

 მკვლევარებმა ექსოერიმენტში მონაწილეების თავის ტვინს მიუერთეს ელექტროდები. ამასთან ერთად, მათ 9 დღის განმავლობაში უნდა ეკითხათ რობერტ ჰარისის “პომპეი”. შედეგად, ყველა მონაწილის ტვინის გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო უფრო მეტად და აქტიურად მუშაობა.

განსაკუთრებული აქტივობა შესამჩნევი იყო მარცხენა ტვინის ქერქზე. ტვინის ეს ნაწილი ენის აღქმასა და კულტურული კოდების გაგებაზეა პასუხისმგებელი. ასევე ტვინის ის ნაწილი ამოქმედდა, რომელიც წარმოსახვით ვიზუალიზაციაზე აგებს პასუხს.
5fae302278e7da9e33fa592df9b97fd8

ამგვარად, ექსპერიმენტმა დააასტურა, რომ, რაც უფრო მეტს კითხულობს ადამიანი, მით უფრო უვითარდება ფანტაზია, მეხსიერება,  თვითრეფლექსია.

მკვლევარების აზრით, მკითხველს უპრობლემოდ შეუძლია წარმოიდგინოს, თუ როგორ გააქვს ბურთი მოწინააღმდეგის კარში და შესაბამისად, იგრძნოს, ის სიხარული და აღმაფრება, რის შედაგადაც ორგანიზმი გამოიმუშავებს იმ ჰორმონს, რომელიც სინამვილეში ბურთის გატანის დროს განიცდის ადამიანი.
IloveReading

ამ ჰორმონების დამსახურებით კი იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობაც. წიგნის კითხვის მოყვარულები დანარჩენებზე დაახლოებით 2 წლით მეტს ცოცხლობენ.

Brain_and_heart-1550513304

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Posted in 0 | დატოვე კომენტარი

a_Lurji frinveli_ mtavari surati

Posted in 0 | დატოვე კომენტარი

ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხოცავენ (ქართველ ქალებს მუშაობა უნდათ)

ბევრ ქართველ ქალს სამსახურის შოვნა უნდა!!!

განა შრომა აკლიათ, სახლში უამრავი საქმეა: დასარეცხ – დასაუთოვებელი, დასაგველ- გამოსაწმენდი, გადასაწმენდი, ასალაგებელ -დასალაგებელი. საუზმე, სადილი, ვახშამი  მოსამზადებელი ,  სუფრა გასაწყობი და ასალაგებელი. დასვრილი ჭირჭელი დასარეცხ-გასაწმენდი და ა შ. დაუსრულებლად. ბავშვიან ქალებს კი დამატებით ბავშვის მოვლა, მისთვის თვალყურის დევნება, მათთან თამაში ან მოზრდილების მეცადინეობა და სკოლაში წაყვანა -მოყვანა და სახლის პროდუქტებით მომარაგება ევალებათ ისიც კაპიკების თვლით და ეკონომიით  (ქმარი “ფულს კი არ ბეჭდავს”). ამასთან სახლში საღამოს მოსულ მეუღლეებს პირზე ღიმილით და ფორმაშიც უნდა დახვდნენ, აბა მაშინ ღალატის შემთხვევაში ვერც გაამტყუვნებ კაცს: ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს, სერიალებს არ უნდა უყუროს და სახლში მოსულ ქმარს ყურები არ უნდა ატკინოს ლაქლაქით. სახლში დაღლილი ქმარი ბავშვებს რომ ჩამოუვლის და დაკოცნის, მერე იმაზე უნდა იზრუნოს ქალმა , რომ ბავშვებმა მამა არ დაღალონ ხმაურით. ღამე ცოლის მოვალეობაც ხალისით უნდა შეასრულოს.

ქართველ ქალებს  ჯიუტად სამსახურის შოვნა უნდათ. . .

არასამთავრობო ორგანიზაცია “გენდერულმა საინფორმაციო სააგენტომ” დადო კვლევა “რამდენად აბედნიერებს ანაზღაურებადი შრომა კავკასიელ ქალებს?” და აღმოჩნდა,  რომ სომეხ და აზერბაიჯანელ ქალბატონებთან შედარებით ქართველ ქალებს სამსახური უფრო მეტად აბედნიერებთ. სტატისტიკას და პროცენტულ შეფარდებებს არ მოვყვები და საინტერესოა, როტომ აბედნიერებთ ე. წ. “ორ ცვლაში” მუშაობა საქართველოში ქალებს ? სამსახური ხომ  დასვენებაზე უარის თქმას ნიშნავს იმიტომ, რომ სახლში მოსულებს ის სახლის საქმეც აქვთ შესასრულებელი, რაც მათ პირდაპირ მოვალეობად ითვლება. მართალია, ბავშებს ცხელი სადილების ნაცვლად fast food-ი ცვლის, პატარებს დედის ნაცვლად ძიძა უვლის, თუმცა ასეთი ოჯახებში ქალები, გაცილებით ბედნიერები ყოფილან.

ზოგჯერ ქალი თვითრეალიზაციის მიზნით მუშაობს, ასეთ შემთხვევაში მას, როგორც პიროვნებას, ეძლევა საშუალება გავითარდეს და მოიწყოს საკუთარი კარიერა. ზოგჯერ კი ქალის შრომა მხოლოდ დამატებითი შემოსავლის წყაროა ოჯახისთვის.  მიუხედავად ამისა, დასაქმებული ქალები მამაკაცებში გაცილებით მეტ პატივისცემას იმსახურებენ, ვიდრე ე. წ. “სახლში მსხდომი” ქალები. ზოგჯერ არსებობს, ე.წ. ხელშეწყობის ფაქტორი დაუსაქმებელი ოჯახისწევრისგან, ეს ძირითად შემთხვევაში ან დედამთილია ან საკუთარი დედა, რომლებიც სტატუსით “ბებიები” ბავშვის აღზრდაში საკუთარ მეთოდებს უცერემონიოდ იყენებენ(ეს სხვა თემაა კიდევ). თუმცა, არსებობენ ქალები, რომელთაც ეს ხელშეწყობაც არ აქვთ და “გადარბენაზე” არიან ყველაფერი რომ მოასწრონ. სავარაუდოდ, ვერც ასწრებენ და ეს დამატებით ოჯახური კონფლიქტების მიზეზი ხდება.

ოჯახური საქმის განაწილების ტრადიცია ქართველი წყვილების უმრავლესობას არ ახასიათებთ და დახმარება, მაქსიმუმ, დილაობით ბავშვის საბავშვო ბაღში ან სკოლაში წაყვანით თუ გამოიხატება მამაკაცის მხრიდან.

სამსახურიან ქალს კი სახლის გარდა აქვს კიდევ განსხვავებული გარემო, რაც აუცილებელია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის. აქვს შემოსავალი, რომელიც მას დამოუკიდებელს და თავისუფალს ხდის თავის ქმედებებში. სახლიდან ყოველდღიური  “გასვლა” აიძულებს მას მოიწესრიგოს თავი, რაც მიმზიდეველს ხდის ქმრის თვალში. კარგად რეალიზებულ, კარიერულად წარმატებულ ქალს ბევრად უკეთესად უდევს  თანამედროვე ცხოვრების მაჯისცემაზე ხელი, ვიდრე სახლის საოჯახო რუტინით თავმობეზრებულ დიასახლისებს, რომლებსაც ხშირად ესმით ფრაზები “შენ რას მიკეთებ”, ” რატომ მთხოვ ფულს”, “სახლი რას ჰგავს”, “საჭმელს მარილი აკლია”, “ოო, ისევ ის გვაქვს საჭმელად? სულ არ შევჭამ სახლში”, “ბავშვებს ვერ უვლი” , “იმისი ცოლი ასე აკეთებს”, “ამისი ცოლი ასეთია” და ა. შ. ხშირად ეს ქალები ქმრის ღალატს და ფიზიკურ უხეშობასაც კი ითმენენ თუ ხმა ამოიღეს  და პრეტენზიები წამოაყენეს .ისინიც დგანან და ითმენენ ოღონდ “ოჯახი შეინარჩუნონ”.

შვილების თვალშიც, მომავალში ფულიანი დედა ” სჯობს” უფულო და საყვარელ, მუდამ დაღლილ დედას.

ეს საკამათოა, რა თქმა უნდა. . .

“ყველა კაცი ხომ ერთნაირი  არ არის ”

ის კვლევა, როგორც წერენ, ჯერ არ დასრულებულა ბოლომდე, ახლა ძირითადც ასპექტებს იკვლევენ, რატომ უნდა აბედნიერებდეს სამსახური სამხრეთ კავკასიელ ქალებს?!

ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?!jobhunt

 

 

 

Posted in 0, განსჯისთვის, ჭიკჭიკი | Tagged , , | დატოვე კომენტარი

“ამბრნი, უმბრნი და არაბნი…”

დასკანერებული წიგნები არასდროს მიყვარდა. ძირითადად სამეცნიერო პუბლიკაციების წაკითხვა მიწევდა ხოლმე ასეთ ფორმატში უცხო ენაზე. ამჯერად ნაირა გელაშვილის “ამბრნი, უმბრნი და არაბნი…” ჩამივარდა ხელში. უფრო სწორად, იდო ჩემს კომპიუტერში დიდხანს, სანამ არ მოვიცალე და წავიკითხე.

ნაირა გელაშვილს რამდენჯერმე შევხვედრილვარ, თუმცა სულ თავს ვარიდებდი მას მერე, რაც რომელიღაც შეხვედრაზე კომენტარი არ მომცა. თურმე გაზეთ “24 საათს” პრინციპულად არ ეკონტაქტებოდა. არ ვიცი რა დაუშავა ჩენმა რედაქციამ, მაგრამ რომ გაიგო ამ გაზეთს წარმოვადგენდი კეთილგანწყობილი სახე სრულიად შეეცვალა და ცივად მითხრა უარი. ამის შემდეგ ახირებულ ქალად ჩავთვალე და მისი ნაწარმოებების მიმართაც სკეპტიკურად განვეწყვე.

მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ჩემი ჟურნალისტობის წლებმაც ჩაიარა და მრავალმა სხვამ. ახლა ის პერიოდი მაქვს წიგნის კითხვა ქალისთვის უსაქმურობად რომ ითვლება. “ან შედი ქალო კუხნაშია ან მიდი ბავშვს მიხედე” 🙂

წუხელ “ამბრნი, უმბრნი და არაბნის…” კითხვა რომ დავიწყე, მაშინვე 80-იანების სურნელი ვიგრძენი. ჯერ ცოტა დავიძაბე და კითხვისთვის თავის დანებება გადავწყვიტე, მოძველებულად, არააქტუალურად მივიჩნიე ამბავი, როგორ წავიდნენ რომელიღაც ახლა აღარ არსებული სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლები ექსკურსიაზე შატილში.

თუმცა მწერალი რის მწერალია, ინტრიგა თუ არ შემოიტანა და დაგაინტერესა. ცოტა შევყევი და მერე ლამის ღამის სამ საათამდე ვკითხულობდი. დავასრულე თუ არა, მაშინვე ისევ ნაირა გელაშვილზე დავფიქრდი. მთხრობელი კაცია, ავტორი კი ქალბატონი, ნეტავ როგორი იქნებოდა ეს მოთხრობა მამაკაც ავტორს რომ დაეწერა მეთქი ?!

ფოლკლორული ჩანართები, ასოციაციები  . . .

ფსიქოლოგიური წიაღსვლები . . .

როგორც ვთქვი, მთავარი გმირი ტიპიური ქართველი 42 წლის მამაკაცია. ცოლის მიმართ გულგრილია, სამსახურისგან გადაღლილი. დაჩლუნგებული აქვს ბუნებასთან კონტაქტის, სიახლეების აღმოჩენით ტკბობის უნარი. მოთხრობაში ბედი მას სრულიად განსხვავებულ ადამიანს ახვედერებს. ქალს სახელად მერციას.

და აი, ეს ქალი არის არატიპიური ქართველი ქალი მთელი თავისი არსებით.

ძალიან მგრძნობიარე, 27 წლის გოგო

ნათხოვარი ძვირფასი კაბით

გოგო,  რომელიც არ თხოვდება უსიყვარულოდ, თუმცა ბავშვს აჩენს.

შეუძლია თავად იაქტიუროს.

უყვარს ბუნება და მთელი მისი არსება სიყვარულისთვის არის მომართული.

ამ გოგოს, ვარდისფერკაბიანს, შეუძლია სხვების გაკვირვება, ეპატაჟი.

შეუძლია გულწრფელობა და ასევე განცდა ძალიან ღრმად თუნდაც სხვისი პრობლემის, ცხოველის ტკივილის და ა. შ.

მაგრამ მას არ შეუძლია დაიცვას თავისი სიყვარული, არ შუძლია შეცვალოს საკუთარი ბედისწერა.

სიკვდილისადმი მისი დამოკიდებულება, რომელიც რამდენიმე ადგილას გამომჟღავნა საოცრი იყო.

… და თურმე რა ახლოს ყოფილა მასთან.

მერცია კვდება.

კვდება მოლოდინში;

კვდება იმედით;

კვდება უბედური.

მისი არჩეული მამაკაცი კი “დაკანონებულ მრუშობაში” რჩება ცოლთან. ისიც ცოდოა, უსუსურია, მარტოა. პასუხისმგებლობები აკისრია. განიცდის, მაგრამ თავიდანვე განწირული აქვს ეს გრძნობა.

ავტორმაც გაწირა მერცია   . . .

სენტიმენტალური ნაწარმოებების კითხვას გადავჩვეულვარ, ახლა სხვა ლიტერატურული გემოვნება მაქვს. თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს და ადგილი.

 

 

 

 

Posted in 0, ლიტერატურა, პროზა | დატოვე კომენტარი

რა ლამაზი დღეა, ლურჯი ფრინველის დაბადების დღეააა . . . You registered on WordPress.com 5 years ago!

5 წელი გასულა რაც ბლოგი მაქვს. სიმართლე გითხრათ, თვეობით მყავს ხოლმე მიტოვებილი ეს ჩემი მეგობარი. არც პურს მთხოვს და არც წყალს, არის თავისთვის. როცა არ უნდა მოვაკითხო სიხარულით მეგებება. მიყვარს მე ჩემი ბლოგი, ძალდაუტანებელი ურთიერთობებისა და ერთგულების გამო. არც კი მახსოვდა ამდენი დრო თუ გავიდა ვორდპრესს რომ არ შეეხსენებინა.

სულ მინდა გავაქტიურდე, მაგრამ ხან ბავშვი, ხან სამსახური და ვერ ვიცლი აქაურობისთვის. ვრცელი სტატიები მატრაკვეცობაა, მოკლე  -არაფრისმთქმელი.  ხანდახან რომ დავფიქრდები, რისი კეთება მსიამოვნებს ყველაზე მეტად, ვხვდები, რომ ბლოგინგი ერთ-ერთი კი არა, უმთავრესია მათ შორის.

ფული და თავისუფალი დრო რომ მქონდეს, სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ლეპტოპით და ფოტოაპარატით ხელში. შევიდოდი რომელიმე Wi -Fi-იან კაფეში. დავჯდებოდი მყუდროდ და დავწერდი და დავწერდი ბევრს. ახლა წარმოვიდგინე ვენა ან პრაღა ანდაც ამსტერდამი, იფ, იფ მშვენიერი გრძნობაა ამ სიტუაციის წარმოდგენაც კი. ზაფხულში სიგრილე, ზამთარში თბილი პლედი და მუხლებზე ლეპტოპი, თავში კი გაღვიძებული მუზა, ფანტაზია და ესთეტიკა დადაქალდებოდნენ და მიბიძგებდნენ წერისთვის. მიყვარს როცა “წყალივით” ვწერ. ამ დროს მხოლოდ კლავიატურის ხმა მესმის და მეტი არაფერი.

ფული და მოგზაურობაც რომ არა, ერთ ადგილზე ნამდვილად არ ვზიავრ და მეტს უნდა ვწერდე, მაგრამ ხშირად ვიკავებ თავს. ამიტომ მინდა ალბათ თავისუფალი სივრცე. აზრის გამოთქმის სულაც არ მეშინია, მადლობა ღმერთს არ გვაქვს ასეც საქმე, თუმცა თვითცენზურა მუშაობს და ეს ძალიან ცუდია. ვერ ვიტყვი რამე პოლიტიკურის თქმა მინდა მეთქი, სულაც არა, თუმცა პროტესტი სხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე ჩემგან უფრო მკაფიო იქნებოდა… ალბათ. ამდენი ალბათ რომ დამიგროვდა ესეც პრობლემაა. არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი. იქნებ ისევე ინერტულად, როგორც ახლა.

ხუთი წლის “ლურჯ ფრინველს” ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და უფრო გამრავალფეროოვნება -გასაინტერესოებას და გააქტიურებას. მე თუ რა, ვიღამ უნდა უსურვოს კარგი რამე -რუმეები!

5year_anniversary_Createcph_blog

Posted in 0 | დატოვე კომენტარი

. . .

15 ივნისის ღამეა. არ მეძინება. მთელი დღის მოსმენილის, ნანახის, განცდილის გადახარშვა ვერ მოვასწარი . . .

Posted in 0 | დატოვე კომენტარი

არ ჩაუნისკარტოთ “კოკოს”, მერე რა რომ განსხვავებულია!

“კოკო” ილიამ დაარქვა, რადგან ქათმიდან დაწყებულ ყველა მფრინავ არსებას ასე ეძახის.

თავიდან დიდი სიხარულით და ცნობისმოყვარეობით მივიღეთ “კოკო”. შევხაროდით, ვაკვირდებოდით, მასში ნიჭების აღმოჩენის იმედით, მგონი ბავშვზე მეტს მას ველაპარაკებოდით. დიდად ნიჭიერი არ აღმოჩნდა, თუმცა მაინც გვიყვარდა. ილია ვერ იტანდა გალიაში გამომწყვდეულს და ყოველ დილით გამოგვაშვებინებდა ხოლმე. ბოლოს საერთოდაც მოვაძვრეთ გალიას სახურავი და კოკოც, როცა მოშივდებოდა  ან მოსწყურდებოდა მაშინ მიაკითხავდა თავის საცხოვრისს.  ხან დივნის სახელურზე, ხან სკამის საზურგეზე, ხანაც იატაკზე იყო მოკალათებული. ისე გვედებოდა ფეხებში, სულ ფრთხილად უნდა ყოფილიყავი რომ მოულოდნელად არ გემსხვერპლა .

DSC_0118

ზაფხული რაც დადგა, ჩვენი სახლის კარი და ფანჯრებიც გაიღო. თავიდან ვფრთხილობდით, კოკო არ გამოფრინდესო და მალევე ვკეტავდით, თუმცა დიდად არ ამჟღავნებდა გარეთ გასვლის სურვილს. ღია კართანაც მჯდარა, მაგრამ არ გადიოდა. საუბედუროდ, ამ ყველაფერმა ჩვენი ყურადღება მოადუნა და ერთ”მშვენიერ”  დღეს “კოკო” გაუჩინარდა.  😦

სახლის ყველა კუთხე-კუნჭული მოვჩხრიკეთ თუმცა, ამაოდ. 😦

კოკოს გაუჩინარების დღეს დილიდანვე  მორთეს ჩიტებმა ჭიკჭიკი. გარეთ მშვენიერი, მზიანი ამინდი იდგა. ხოდა მგონი სწორედ ამ ჭიკჭიკმა შეაცდინა ჩვენი თუთიყუში. . .

როგორც ამბობენ, ჩიტები უცხო ფრინველების მიმართ დიდ სტუმართმოყვარეობას არ იჩენენ და უცხო ფერის ფრინველებს ჩაუნისკარტებენ ხოლმე.  რომ ვიცოდე კოკო თავისუფლად დაფრინავს და ლაღად ცხოვრობს, შეიძლება არც მენაღვლა დიდად, თუმცა ჩენი ჭრელი, ყვითელ-მწვანე თუთიყუში მათან განსხვავებულია და შესაბამისად, როგორც ყველა განსხვავებული უნდობლობას იწვევს ჩიტებშიც კი. ყველაზე მშვიდობიან არსებებში.

არ დამიჩაგროთ თუთიყუში, ჩიტებო! ის ერთი უწყინარი, მხიარული ჩიტია, ცანცარა და ფუსფუსა. თავის სამყოფ საჭმელსაც იშოვს და სასმელსაც, აღარც ისე ცივა რომ გაიყინოს. შეიძლება აფრიკამდე ვერ ჩააღწიოს, თუმცა თავისუფლებას ცოტა ხნით მაინც გაუსინჯავს გემოს. თქვენნაირი ჩიტია ისიც, მართალია ასეთი ხშირად არ გინახავთ, მაგრამ მერწმუნეთ, არავის დააზიანებს. ნუ შეგეშინდებათ მისი. შიშს ყოველთვის უცოდინრობა იწვევს, სწორედ ამიტომ გეუბნებით, ისიც ჩვეულებრივი ჩიტია. ღმერთმა ჩიტური ბუნება უბოძა მასაც. მისი მსგავსი ბევრია სხვაგან. იქ ისინი თავისუფლად დაფრინავენ. არავინ ერჩით, იმიტომ რომ არ ეშინიათ მათი, კარგად იცნობენ. თქვენც თუ მოინდმებთ მის გაცნობას მიხვდებით რომ უვნებელია. მიეცით უფლება აქაც იფრინონ. გარეგნობა ნუ შეგაშინებთ, მითუმეტეს ასეთი მკვეთრი და კაშკაშა. ეს ხომ სინათლის ფერებია. ცისარტყელის ფერები: მშვიდობისა და დარის ნიშნის. სულ შაოსნების უფრო უნდა გეშინოდთ, ასე არ არის?!

DSC_0139

Posted in 0 | დატოვე კომენტარი

“ლურჯი ფრინველის” ფოტოექსპერიმენტები

Tova

_DSC0525

_DSC0556

chiti

Posted in 0 | დატოვე კომენტარი

“ჯაყომ გვაჯობა, ჯაყომ !”

                                                                                                 ვიღაცისთვის, ეს მხოლოდ რიგითი ისტორიაა, მე კი ჩემი ოჯახის ისტორია მოვყევი . 

ეს პოსტი წლევანდელი 9 მაისისგან იყო ინსპირირებული, თუმცა პირვანდელი სახით არ გამომიქვეყნებია, რადგან ჩემი ბლოგი აპოლიტიკურია და ჩემი ბაბუას დანატოვარ ანდერძს -” პოლიტიკას არ გაეკაროთო” – პირნათლად ვიცავ.

გიორგიევსკის ლენტებზე და ა. შ. აღარ დავწერ. უბრალოდ, დავაფიქსირებ რომ 9 მაისი შესანიშნავი დღეა.  9 მაისი ნიშნავდა, რომ აღარ გაიწვევდნენ ომში გასაგზავნად უწვერულ ჭაბუკებს, ომს გადარჩენილები ოჯახებს დაუბრუნდებოდნენ. მშვიდობა დაისადგურებდა და შესაბამისად ადამიანები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდნენ. ეს სასიხარულო ამბავი იყო და დღესაც 70 წლის შემდეგ უნდა გვიხაროდეს 9 მაისი, რადგან ამ დღეს მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა.

საბჭოელების მხარეს ომის სტრატეგოსი უეჭველად იყო იოსებ სტალინი. სტალინი რომ ნიჭიერი პიროვნება იყო, ეს ისტორიამ გვიჩვენა, მაგრამ სამწუხაროდ, ომამდე რამდენიმე ასეული ქართველი ინტელიგენტის სისხლი და ათასობით რეპრესირებული და ცხოვრებაარეული ქართველის ცოდვა სწორედ მის კისერზეა. ომის დროს კი როგორც ამბობენ საბჭოთა კავშირის მასშტაბით პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი შეეწირა ფაშიზმზე გამარჯვებას.

რაღა დარჩა ნეტავ საქართველოს გენოფონდში ?!

კი, დარჩენით დარჩა, საბედნიეროდ. წამოიზარდა ახალი თაობა უმამოდ, უპაპოდ ქალების მიერ გაზრდილი ოჯახები კიდევ გამრავლდა და დიდი სისხლისღვრა შემდგომ რამდენიმე ათეული წელი აღარ უნახავთ ქართველებს. კულტურა ააღორძინეს,  ომში დატყვევებულ გერმანელები არქიტექტურაში მოიხმარეს. ამ გერმანელებმა, სხვათაშორის, თბილისელებს ბევრი რამ ასწავლეს, რადგან უმეტესი მათგანი განათლებული, შინაგანი კულტურის მქონე ადამიანი იყო.

სიმართლე გითხრათ, ხანდახან მიფიქრია კიდეც, რა მოხდებოდა გერმანელების გამარჯვების შემთხვევაში, როგორ წარიმართებოდა პროცესები. რამდენიმე ასეულ ქართველს ხომ სწორედ იმიტომ მიუსაჯეს კატორღა რათა ომში არ წასულიყვნენ და ომის დროს გერმანელების მხარეს არ ებრძოლათ.

ნეტავ გამაგებინა ამის შესახებ ჩემი ბაბუას აზრი. ის, სწორედ ომის დაწების დროს გადაასახლეს ყაზახეთში, როგორც არაკეთილსაიმედო პიროვნება, რადგან ომამდე ჩემი ბაბუა ოთხჯერ იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით 1924 წლის შემდგეგ.

21 წლის ბაბუაჩემი პირველად  დაიჭირეს როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძმადნაფიცი და ჭიათურის აჯანყების მონაწილე. ბაბუას იარაღის შენახვა ედებოდა ბრალად. მართლაც, სახლის ზღურბლის ქვეშ აღმოაჩინეს იარაღი. ბაბუა სახლში არ დახვედრიათ და  მისი თანასოფლელი და მეგობარი გააყოლეს ხელთ, ამის გამო ბაბუას საკუთარი ფეხით ჩასვლა მოუხდა ჭიათურაში, უდანაშაულო ადამიანი რომ გამოეშვათ და თავად ჩაბარდა. დიდხანს ახეხინეს მეტეხის ციხე. და დღესაც, როცა მეტეხის ტაძარში შევდივარ  წარმოივიდგენ ხოლმე თეთრ, შემჭვარტლულ კედლებში გამომწყვდეულ ბაბუაჩემს და სული მეხუთება, თანაც მიხარია – თითქოს კავშირს ვამყარებ მასთან. სამწუხაროა ისიც, რომ მე მას არ ვიცნობდი. არასდროს გვისაუბრია, არადა რამდენი შეკითხვა მაქვს. მაინტერესებს რატომ და როგორ დაიჭირეს მეორედ 1931 წელს, მესამედ და მეოთხედ უკვე ომის დამთავრების შემდეგ რატომ გადაასახლეს ყაზახეთში.

ბაბუას საბოლოოდ თავისუფლება მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ ეღირსა. რეაბილიტაცია შეეხო როგორც მას, ასევე მის ოჯახს. “ხალხის მტრის ოჯახის” უფროსმა შვილმა, ჩემმა მამიდამ, უნივერსიტეტში მხოლოდ ამის შემდეგ ჩააბარა.

5 წლის ვიყავი ბაბუა რომ გარდაიცვალა. 1985 წელი იყო. ნეტავ 1989 წლის 9 აპრილს მაინც მოსწრებოდა, ეროვნული სულის გამოღვიძება ეგრძნო, უფრო ბედნიერი წავიდოდა იმქვეყნად. 

სტალინი კი, 9 მაისის გმირი, ბაბუას არ უყვარდა, მაგრამ პატივს სცემდა მაინც და დანანებით ამბობდა თურმე “გვაჯობა მაგ ჯაყომო!”.

ვიღაცისთვის, ეს მხოლოდ რიგითი ისტორიაა, მე კი ჩემი ოჯახის ისტორია მოვყევი . 

 

Posted in განსჯისთვის, ჭიკჭიკი | დატოვე კომენტარი